ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ასოციაციის „ქართული ღვინო“ ორგანიზაციული მხარდაჭერით, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების გამოფენაში „ProWein Dusseldorf“ ქართული ღვინის მწარმოებელი 28 კომპანია მონაწილეობდა.
გამოფენაზე, სამი დღის განმავლობაში, ქართული ღვინის შეფასების შესაძლებლობა ღვინის პროფესიონალებს, კომერციული სექტორის წარმომადგნლებს და გამოფენის ათეულ ათასობით სტუმარს მიეცა, რასაც საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისა და გაყიდვების ზრდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქართული ღვინის ოთხი პროფესიული პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა: პრესტიჟული გერმანული მედია ჰოლდინგის „Meininger“ სტენდთან დეგუსტაციას „საქართველო – ღვინის სამშობლო“ ღვინის მაგისტრები იანეკ შუმანი (Janek Schumann) და კონსტანტინ ბაუმი (Konstantin Baum), ხოლო სამ ღონისძიებას სახელწოდებით „ქართული ღვინის დღე“, ცნობილი ინფლუესერი და სომელიე ტონი ასკიტისი (Toni Askitis) უძღვებოდნენ.
„დიუსელდორფის გამოფენა უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ გერმანიისთვის, არამედ ღვინის გლობალური ბაზრისთვის. აქ თავს იყრიან პროფესიონალები, კომპანიები მუდმივ რეჟიმში ხვდებიან პოტენციურ პარტნიორებს. საქართველო „ProWein Dusseldorf“-ში 24-ედ მონაწილეობდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანიც სწორედ ბაზრების დივერსიფიკაციაა. რაც შეეხება გერმანიას, ის ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის გაყიდვები სტაბულურად მზარდია“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.
გამოფენის ფარგლებში, ლევან მეხუზლამ შეხვედრები გამართა სხვადასხვა მარკეტინგული კომპანიის და მედიაჰოლდინგის წარმომადგენლებთან, ასევე, გამოფენის „Prowein“ დირექტორ პეტერ შმიტცთან.
გამოფენას საქართველოს გენერალური კონსული გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გიორგი ტაბატაძე დაესწრო.
30-ე საიუბილეო „ProWein Dusseldorf“-ს, წელს მსოფლიოს 65 ქვეყნის 5400-მდე ღვინის მწარმოებელი მონაწილეობდა.