გელა ზედელაშვილი: შობის მერე რომ დავიწყებ ჭიაღუების მხილებას ყველა უწყებაში, ისეთებს გაიგებთ, თქვენც კი გაგიკვირდებათ…
ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ჭიაღუათა მხილება!
***
როდესაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, მან თქვა, პოლიტიკური ნიშნით საჯარო სამსახურებიდან ადამიანების გაშვება უნდა დასრულდესო. მაშინ მე პირადად ვუთხარი, რომ „ნაცები“ არ გამოსწორდებოდნენ და ისინი ყოველთვის საბოტაჟს მოუწყობდნენ სახელმწიფოს.
ივანიშვილის პასუხი იყო მოკლე, ლაკონური და კეთილშობილური: მისი აზრით, ადამიანები ახალ გარემოებაში იმუშავებდნენ ახლებურად.
როდესაც ეჭვი გამოვთქვი, ესენი არ იმუშავებენ ახლებურად-მეთქი, დამაიმედა, ჩვენ მათ აღვზრდით ხელახლაო… ყოველ შემთხვევაში, უნდა ვეცადოთო… თუ ადამიანი კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობას სამსახურში, არ უნდა გვაინტერესებდეს, ვისზე ლოცულობს სახლში და ვისი სურათი უკიდია კედელზეო.
მომეწონა, დავეთანხმე და მეც ყველგან მაგას „ვქადაგებდი“, რომ თუ ადამიანი არაფერს აშავებს, თუ საქვეყნო საქმეს კარგად აკეთებს, პოლიტიკური შეხედულების გამო მას სამსახური არ უნდა დავატოვებინოთ.
***
თუმცა!
აგერ, გავიდა 12 წელიწადი და არც ერთი „ნაცი“ არ გამოსწორდა, პირიქით, რა ჯალათებიც იყვნენ, იგივენი დარჩნენ და უფრო გაბოროტდნენ.
მეტიც!
კაი სამსახურები მოირგეს, კაი მსუყე ხელფასებზე წამოსხდნენ და ხელისუფლების მომხრეებს მაგიდებზე მუშტებიც უბრახუნეს, ოდესღაც გასაძურწად გამზადებულები საზოგადოებრივ ტირანებად გადაიქცნენ.
მეტიც!
იმდენს მიაღწიეს, ლამის ყველა სახელმწიფო სამსახურში (სამინისტროებში, დეპარტამენტებში, საქალაქო თუ რაიონულ უწყებებში) წამყვანი თანამედბობები ხელში ჩაიგდეს და არა მხოლოდ მოსახლეობის გაღიზიანება დაიწყეს, „ქართული ოცნების“ მომხრეებიც გაყარეს, სახლებში დასვეს.
შედეგად მივიღეთ რა?
„ქართულ ოცნებაზე“ განაწყენებული მასა და ბიუჯეტის ხარჯზე გაფუფუნებულ-გათავხედებული ჯოგი!
განაწყენებულებში არ ვგულისხმობ უმადურებს. ადამიანები, რომლებიც ჯოგის წევრებმა სამსახურებიდან განდევნეს, ისინი ისევ დარჩნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებად იმ იმედით, რომ დადგებოდა დრო, როცა სამართალი პურს აუცილებლად ჭამდა და ეს დრო აუცილებლად უნდა დადგეს.
სამწუხაროდ!
დღეს თითქმის ყველა სამსახურში წესად არის ქცეული – თუ შენ ხარ „ქართული ოცნების“ მომხრე და ხელისუფლების მხარდამჭერი, არ გაქვს პოლიტიკური აქტივობის უფლება. თუ შენ ხარ გავარვარებული „ნაცი“, დილიდან საღამომდე აგინებ ბიძინა ივანიშვილს და გეზიზღება ხელისუფლება, გაქვს ყველაფრის უფლება, გინდა აქციებზე იარე, გინდა – საბოტაჟი მოაწყე, გინდა – გაიფიცე, გინდა – პოლიციელები ლანძღე, გინდა – „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლე. თუ წაგიჭირეს, რამდენიმე დღეში გამოგაგდებენ. თუ უფრო წაგიჭირეს და ჯარიმა არ გაკმარეს, მაშინ შენს სურათებს რუსთაველის თეატრის ფასადზე გამოაკრავენ და გმირად შეგრაცხავენ.
მეტიც!
დღეს ვისაც საჯარო სამსახურში იღებენ, პირობას უყენებენ, რომ მან პოლიტიკურად არ უნდა იაქტიუროს ხელისუფლების სასარგებლოდ, ეს არის თურმე ძალიან ცუდი, ეს არის თურმე სამშობლოს ღალატი.
გესმით?!
მავნებლობა შეირაცხა პატრიოტიზმად, ხოლო ხელისუფლების მხარდაჭერა ნიშნავს ღალატს!
გამოჰკითხეთ სახელმწიფო სამსახურში მომუშავე ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ნებისმიერი მოგიყვებათ, როგორ ავიწროებენ, აშანტაჟებენ და აშინებენ „ნაციონალები“.
***
მე თუ მკითხავთ, ყველა საჯარო სამსახური არის დასაშლელი და ხელახლა ასაწყობი. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ კადრებს. ხან ისეთ ოდიოზურ ვიღაცას დანიშნავენ ხოლმე წამყვან თანამდებობაზე, ერთი კვირა პირი მაქვს ღია, თან ვიჯერებ, თან ვერ ვიჯერებ, მაგრამ მერე ფაქტი ფაქტად რჩება და მეც ვეგუები.
მაგალითად, ახლა უკვე ლეგენდებს ყვებიან განათლების სამინისტროზე – თანამშრომლები იძახიან, ახალმა მინისტრმა მოადგილეებად ისეთი ტიპები მოიყვანა, აღარ ვიცით, ვიცინოთ თუ ვიტიროთო. დეტალურად არ ვიცი, იქ რა ხდება, მაგრამ ერთი ვიცი, ეს სამინისტროც გაძეძგილია „ნაცებით“, „გნაცებით“ და „შმაცებით“.
***
სიტყვა გამიგრძელდა… სხვისი არ ვიცი და მე პირადად გაჩერებას არ ვაპირებ – შობის მერე რომ დავიწყებ ჭიაღუების მხილებას ყველა უწყებაში, ისეთებს გაიგებთ, თქვენც კი გაგიკვირდებათ.
დიახ!
მათ უმეტესობას, ვინც ყოველ საღამოს რუსთაველზე დგას და მონაცვლეობით ხან ბიძინა ივანიშვილს ლანძღავს, ხან „ქართულ ოცნებას“, ხან კობახიძეს, ხან ღარიბაშვილს და ხან კალაძეს, ბიუჯეტში აქვთ ცხვირები ჩაყოფილი და კაი გვარიანად თქვლეფენ.
ეს უნამუსოები!
ცალი ხელით სახელმწიფო სამსახურიდან სარგებლობენ, ცალი ხელით ბიძინას დახმარებებს იღებენ, ცალი ხელით კიდე ხელისუფლების დამხობას ცდილობენ.
არ ვიცი, ასეთი პარადოქსი სადმე სხვაგან ხდება?
არა მგონია!
***
ამ დღეებში ბევრმა დაიწყო ჯღნავილი – არიქა, სამსახურებიდან გვიშვებენ, ეს ნაღდად პოლიტიკური ანგარიშსწორებააო.
ბებიათქვენისამ!
თან გინდათ, სახელმწიფოს ხარჯზე გამაძღრები იყოთ, თან გინდათ, „ქართუდან“ დახმარებები მიიღოთ (აქ ე.წ. ხელოვანებს ვგულისხმობ), თან კიდე სახელმწიფო გადატრიალებას აწყობთ?
ეგრე სად არი?!
***
ამ დღეებში გავიგე, „ქართუმ“ ვიღაცებს დახმარებები შეუწყვიტაო. მათ შორის ნანი ბრეგვაძეც გახლავთო. ამიტომაც დაერჭო ნანი თავის ქალიშვილთან ერთად აქციაზეო.
ჰა, ჰა, ჰა!
როგორც ჩანს, აქამდე თავს იკავებდა, ეს კი ბოლო წვეთი აღმოჩნდა.
ეტყობა, ლანა ლევანოვნა ღოღობერიძესაც შეუწყვიტეს.
ნამდვილად სამართლიანი გადაწყვეტილებაა, რატომ უნდა აძლიო და აძლიერო ისინი, რომლებიც სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ და შენს დასჯას ცდილობენ?
დასჯას რის გამო?
რატომ კარგი აგიგია და რატომ ამდენი გიკეთებიაო!
***
არ გამოვა მაი ამბავი, თუ იქით არ შევუტიეთ, თუ სიტუაცია არ გამოვასწორეთ, ეს ველური თავხედები აქეთ მოგვდგებიან და უკვე მოგვდგნენ კიდეც“, – წერს გელა ზედელაშვილი.