leaderboard_below_slide
left_sabechdi

„ჰაიდენჰაიმის“ დირექტორი: მოხარული ვართ, რომ ჩვენ აგვირჩია, ბუდუს განსაკუთრებული საგოლე თვისებები აქვს

„ჰაიდენჰაიმის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჰოლგერ სანვალდმა ბუდუ ზივზივაძის ტრანსფერთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ქართველს დიდი ხანი აკვირდებოდნენ და დარწმუნებულია, რომ ბუდუ კლუბს ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარება.

„დიდი ხანი ვაკვირდებოდით ბუდუ ზივზივაძის განვითარებას „კარლსრუეში“. გასულ სეზონში ის უკვე აბსოლუტურად გამორჩეული იყო და მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში კიდევ უფრო გაუმჯობესება მოახერხა. ბუდუმ შთამბეჭდავად აჩვენა, რომ განსაკუთრებული საგოლე თვისებები აქვს. ამიტომ, დარწმუნებული ვართ, რომ შეუძლია დაუყოვნებლივ დაეხმაროს ჩვენს გუნდს ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებაში. ძალიან მოხარული ვართ, რომ ჩვენ აგვირჩია“, – განაცხადა სანვალდმა.

„ჰაიდენჰაიმი“ ბუნდესლიგაში სულ მეორე სეზონს ატარებს, გასული სეზონი წარმატებული ჰქონდა, კონფერენს ლიგის საგზურიც კი მოიპოვა, მაგრამ მიმდინარე სეზონში ყველაფერი რთულადაა, 15 ტურის შემდეგ 10 ქულით მხოლოდ მე-16 ადგილზეა, პლეი-აუტის ზონაში და გავარდნის რეალური კანდიდატია. გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრანკ შმიდტია. „ჰაიდენჰაიმმა“ ბუნდესლიგის ბოლო 7 მატჩი წააგო, ბოლო 10 ტურში კი, ერთადერთი ქულა მოიპოვა, უახლოეს შეხვედრას 11 იანვარს, „უნიონ ბერლინთან“ გამართავს. კონფერენს ლიგაზე გერმანულმა კლუბმა პირველი ეტაპი დაძლია და პლეი-ოფში, ორრაუნდიან ბრძოლაში თებერვალში გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენს“ შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეში“ 2023 წლის იანვრიდან თამაშობდა და 61 მატჩში 27 გოლი გაიტანა. ქართველმა „ჰაიდენჰაიმთან“ 4.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ასევე იხილეთ