აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მაიკ ჯონსონს წარმომადგენელთა პალატის სპიკერად არჩევას ულოცავს და აცხადებს, რომ ჯონსონი შესანიშნავი სპიკერი იქნება.
„ვულოცავ სპიკერ მაიკ ჯონსონს კონგრესში უპრეცედენტო ნდობის მოპოვებას. მაიკი იქნება დიდებული სპიკერი, ხოლო ჩვენი ქვეყანა იქნება ბენეფიციარი. ამერიკის ხალხი ოთხი წელი ელოდებოდა საღ აზრს, სიძლიერესა და ლიდერობას. ისინი მიიღებენ ამას ახლა და ამერიკა უფრო დიადი იქნება, ვიდრე ოდესმე“, – აღნიშნავს დონალდ ტრამპი.
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა მაიკ ჯონსონს მხარი დაუჭირა ამ კვირის დასაწყისში. ამერიკული მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ესაუბრა რესპუბლიკელ დეპუტატებს, რალფ ნორმანს და კეიტ სელფს, რომლებმაც პირველ კენჭისყრაზე მაიკ ჯონსონს მხარი არ დაუჭირეს, მეორე კენჭისყრაზე კი აზრი შეიცვალეს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად კვლავ მაიკ ჯონსონი აირჩიეს. კენჭისყრის შედეგად, მას მხარი დაუჭირა 218-მა რესპუბლიკელმა, ერთმა თანაპარტიელმა კი სხვა კანდიდატს მისცა ხმა. მაიკ ჯონსონს 215 დემოკრატი კანონმდებლიდან მხარი არცერთმა არ დაუჭირა.