კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოკითხვის შედეგებით, გაიზარდა უკრაინელების წილი, რომლებიც ომის დასრულებისთვის რუსეთთან ტერიტორიული დათმობებისთვის მზად არიან
გაიზარდა უკრაინელების წილი, რომლებიც მზად არიან ომის დასრულებისთვის რუსეთთან ტერიტორიული დათმობებისთვის, – როგორც უკრაინული მედია წერს, ამას მოწმობს კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ 2024 წლის 2-17 დეკემბერს ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
სოციოლოგების მონაცემებით, ოქტომბრის დასაწყისიდან დეკემბრის ჩათვლით ასეთი ადამიანების რიცხვი 32 პროცენტიდან 38 პროცენტამდე გაიზარდა. ამასთან, შემცირდა მათ წილი, ვინც რაიმე დათმობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
დეკემბრის მდგომარეობით, ტერიტორიული დათმობების წინააღმდეგი იყო უკრაინელების 51 პროცენტი, ხოლო ოქტომბრის დასაწყისში 58 პროცენტი.
კვლევის შედეგების თანახმად, 2022 წლის მაისიდან 2023 წლის მაისამდე ვითარება შედარებით სტაბილური იყო: გამოკითხულთა დაახლოებით 8-10 პროცენტი იყო მზად ტერიტორიული დათმობებისთვის, ხოლო აბსოლუტური უმრავლესობა, 82-87 პროცენტი მუდმივად ეწინააღმდეგებოდა ნებისმიერ დათმობას. 2023 წლის მაისის შემდეგ ეტაპობრივად გაიზარდა ტერიტორიული დათმობებისთვის მხარდამჭერთა წილი. ამრიგად, 2023 წლის ბოლოსთვის დათმობაზე წასვლის სურვილი გაიზარდა 19 პროცენტამდე, 2024 წლის თებერვალში 26 პროცენტამდე, 2024 წლის მაისში კი 32 პროცენტამდე.