კონსტანტინე გამსახურდია თეა თოფურიას სტატიის „ბოლოს და ბოლოს რა დააშავა გამსახურდიამ ისეთი, რომ ჩამოაგდეს“ შესახებ
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია ჟურნალისტ თეა თოფურიას სტატიას „ბოლოს და ბოლოს რა დააშავა გამსახურდიამ ისეთი, რომ ჩამოაგდეს“ სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ჟურნალისტმა თეა თოფურიამ რადიო „თავისუფლების“ ვებგვერდზე გამოაქვეყნა წერილი „ბოლოს და ბოლოს რა დააშავა გამსახურდიამ ისეთი, რომ ჩამოაგდეს“. წერილიდან ჩანს, რომ ჟურნალისტი შეეცადა, ობიექტურობა დაეცვა და მაქსიმალურად არიდებოდა პუტჩისტურ ან ამის მონათესავე ინერციით დამუხტულ პროპაგანდას (აქა-იქ კიდევ რომ ბოგინობს ხოლმე….) წერილი გულშემატკივრულ ტონშია დაწერილი, თუმცა, ჩემი თვალთახედვით, მაინც არის ლაფსუსები, რაზეც მსურს მივუთითო. წერილში ვკითხულობთ:
„დიმიტრი შველიძე ამბობს, რომ შეიძლებოდა კიტოვანი თბილისის ზღვაზევე გაენეიტრალებინათ, მაგრამ ზვიად გამსახურდიასთვის რადიკალურად მიუღებელი იყო, ქართველს ქართველისთვის ესროლა „ამან დაღუპა, – ამბობს დიმიტრი შველიძე, – ეს შეიძლება ზოგმა გულუბრყვილობად ჩაუთვალოს, ან ზედმეტ დათმობად, მაგრამ ეს მისი პოზიცია იყო“.
ჩემი კომენტარი: ზვიადის ჰუმანურობაში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა აქ „ქართველის ქართველისთვის სროლა“ წმინდა რიტორიკაა. სინამდვილეში საქმე ბევრად რთულად იყო: ეროვნულმა ხელისუფლებამ ვერ მოასწრო ძალოვანი სექტორის ფორმირება, რომელიც იქნებოდა სათანადოდ დაკომპლექტებული, დაფინანსებული, ეკიპირებული და მომზადებული. 1991 წლის 2 სექტემბრის პროვოკაციამ, როდესაც ძალადობრივ პროვოკაციაში მონაწილეობდნენ სპეცრაზმი (მათ ასროლინეს კიდეც) და მომიტინგეები, პირდაპირ დაარტყა ამავე სპეცრაზმს – იგი დაიშალა. (ე.წ. წოწორიას „ომონი“) ასევე გვარდია, რომელიც გახლიჩეს თ. კიტოვანმა და თ. სიგუამ, მოკლებული იყო შეიარაღებას და წვრთნას. მწირი იყო მისი ბიუჯეტიც. ვიდრე საბჭოთა კავშირის ვერტიკალი ძლიერი იყო, იგი საშუალებას არ იძლეოდა, რომ რესპუბლიკას შეექმნა სრულფასოვანი შეიარაღებული ძალები. არც ისაა შემთხვევითი, რომ ჯერ კიდევ 1990 წლის ნოემბრის არჩევნებამდე ცეკას პირველმა მდივანმა გუმბარიძემ, შს მინისტრმა გორგოძემ და ვიცეპრემიერმა მგელაძემ რუსეთში გაიტანეს რამდენიმე ათასი ავტომატი AKM და AKSU, ასევე RPK-ს ტყვიამფრქვევები.
ნამდვილი სამხედრო სტრუქტურის დაფუძნება შესაძლებელი გახდა მხოლოდ მოსკოვის აგვისტოს პუტჩის ჩაშლილი მცდელობის შემდეგ, როდესაც საქართველოში შეიქმნა თავდაცვის სამინისტრო. თუკი მანამდე შეიქმნებოდა თავდაცვის სამინისტრო, ცენტრი აუცილებლად დაგვარტყამდა. ამის გამო საქართველოს ხელისუფლებას ხელ-ფეხი ნაწილობრივ შეკრული ჰქონდა. ესეც რომ არა, ცხრა თვე მოკლე ვადაა.
პრეზიდენტმა 1991 წლის შემოდგომაზე ყველაზე უკეთესად იცოდა, რომ იგი ფაქტობრივად ძალოვანი სექტორის გარეშეა დარჩენილი. ამასთანავე ისიც ზუსტად იცოდა, რომ კიტოვანი და მისი მომხრეები შემთხვევით არ დაბანაკდნენ თბილისის ზღვაზე. სინამდვილეში მხოლოდ „ზღვაზე“ კი არ დაბანაკდნენ, არამედ რუსული სამხედრო ნაწილიდან 3 კილომეტრში, რომელიც იქვე, მახათას მთაზე იყო განთავსებული. კიტოვანის ნაწილზე თავდასხმა გამოიწვევდა რუსული ნაწილების ჩართვას, თანაც ისე, რომ მათი გამორჩევა „ქართული“ გვარდიის ნაწილებისგან პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა. ეს ასეც მოხდა 1991-1992 წლების პუტჩის დღეებში. მასში ჩაერთო ისეთი შეიარაღება, რომლის მომსახურე პერსონალიც მანამდე გვარდიის არც ერთ ნაწილს არ ჰყოლია: „კიტოვანის“ მხარეზე გამოჩნდნენ T-72ის ტანკები, სხვადასხვა ჯავშანმანქანები, „დევის“ მოძველებული, არაზუსტი ჰაუბიცა შეცვალეს მოკლე, ეფექტურმა და ძალიან დამანგრეველმა ჰაუბიცებმა, გამოჩნდნენ რაკეტები და სარაკეტო დანადგარები, რუსთაველის პროსპექტის შენობათა სახურავებზე ოპერირებდნენ რუსული „ღამურას“ სპერაზმელები ღამის ხედვებით და ოპტიკურ-სამიზნეებიანი იარაღებით, რომლებიც ეფექტურად ხოცავდნენ მთავრობის სასახლის დამცველებს. გენერლები, სუფიან ბეპაევი და ვიქტორ ივანენკოვი იარაღით ამარაგებდნენ პუტჩისტებს. ბეპაევის სტატიაში ისიც ეწერა, რომ მანამდე რუსული სპეცნაწილი ანძასაც დაესხა თავს. მათ აიძულეს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, პოლკოვნიკი ბ. ქუთათელაძე, რომელიც ანძას იცავდა, ფაქტობრივად დანებებოდა პუტჩისტებს და ანძა მათთვის გადაეცა, რამაც გამოიწვია გარდატეხა ამ დაპირისპირებისას. ამრიგად პუტჩისას რეალურ დამრტყმელ ძალას წარმოადგენდა რუსული ჯარი, ხოლო ქართულ-პუტჩისტური ფორმირება კიტოვანის გვარდიისა და „მხედრიონისა“ არსებითად „ფარავდა“ და „ნიღბავდა“ მათ.
წერილში ვკითხულობთ: „იმ დღესვე ზვიად გამსახურდიამ ხელი მოაწერა ბრძანებულებას „შს სამინისტროს შინაგანი ჯარების – ეროვნული გვარდიის რეორგანიზაციის შესახებ“. შემდეგ ის იტყვის, რომ ამით გვარდიის გადარჩენა უნდოდა. გამსახურდიას ბრძანებით, ეროვნული გვარდია უნდა გამხდარიყო შსს-ს შინაგანი ჯარის ნაწილი, დაქვემდებარებოდა შს მინისტრის მოადგილეს და შეენარჩუნებინა მხოლოდ ტაბელური იარაღის გამოყენების უფლება“.
ჩემი კომენტარი: არანაირი ბრძანებულება არ ყოფილა. ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც 1990 წელს დეკემბერში დამტკიცდა (N 375), ეროვნული გვარდია იყო შინაგანი ჯარი შსს-ს დაქვემდებარებაში. მისი ერთ-ერთი სარდალი სამთაგან იყო თენგიზ კიტოვანი. მოსკოვის პუტჩის დღეებში პრეზიდენტმა ეს ადგილი კანონში აჩვენა გენერალ შურავლიოვს, იაზოვის მოადგილეს, რომელიც ჩამოსული იყო „უკანონო შეიარაღებული სამხედრო ფორმირებების“ საკითხის გასარკვევად. შურავლიოვს ამით ყველა არგუმენტი გამოეცალა. მოსკოვი ცალსახად იმუქრებოდა, რომ დაარტყამდა ამ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებას მიწიდანაც და ჰაერიდანაც, ხოლო პრეზიდენტის ფრთხილმა და პრაგმატულმა პოზიციამ ეს საფრთხე მართლაც თავიდან აარიდა ქვეყანას. ნაძირალა სიგუამ ეს გარემოება შეგნებულად გააყალბა.
წერილში ვკითხულობთ: „1993 წელს ზვიად გამსახურდია ჩეჩნეთიდან საქართველოში დაბრუნდა. ამავე წლის 31 დეკემბერს მან, ოფიციალური ვერსიით, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე“.
ჩემი კომენტარი: 1994-2015 წლებში საქართველოს მთავარი პროკურატურის სამუშაო ვერსია მართლაც თვითმკვლელობა იყო. 2015 წლიდან ეს შეიცვალა და საქმე გადაკვალიფიცირდა მკვლელობაზე თანამდებობრივი მოვალეობის შესრულების დროს“, – წერს კონსტანტინე გამსახურდია.