„აი, საჩუქარი. გიორგი გოგილაშვილი! ასეთ ქართველებზე დგას საქართველო!“ -წერს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი მისთვის უნიკალური წიგნის ჩუქების შესახებ.
„კინოსტუდიის ეზოში არის ბუკინისტური სალონი Book Inistika.
რამდენი სიხარული მიუნიჭებია მის მფლობელს ბატონ გიორგი გოგოლაშვილს ეროვნული ბიბლიოთეკისათვის. გუშინ ღამით მივადექი! მისალმება და… დაიცა, შენ ეს უნდა განახოო! გამოიღო კარადის უჯრიდან ჩემთვის გადადებული ეს გამოცემა!
საახალწლო საჩუქარიო!
ახლა ამ საჩუქარზე: გ. ჩარხიშვილი. ვარინკას ამბავი. თბილისი. 1903 წ. ეს წიგნი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დეზიდერატაა! ანუ მისი არცერთი ეგზემპლარი ბიბლიოთეკაში არ ინახება. საქართველოში ის მხოლოდ გრიშაშვილს ჰქონდა. განსაკუთრებით იშვიათია. ის არ ჰქონდა არც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკას!
მართალია, ძალზე მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ჩვენი ექიმი რესტავრატორები მიხედავენ. აი, საჩუქარი. გიორგი გოგილაშვილი! ასეთ ქართველებზე დგას საქართველო!“ – წერს ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში.