თამარ ჩიბურდანიძე: ცვლილებები სურდათ საქართველოში და მიიღეს საკუთარ ქვეყნებში. ოპოზიციის ლობისტი თითქმის ყველა პოლიტიკური ლიდერი სახლში მიდის, უფრო სწორად, უშვებენ
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის ლობისტი თითქმის ყველა უცხო ქვეყნის მაღალჩინოსანი პოსტს ტოვებს. ექსპერტის თქმით, ევროპარლამენტარებიც აუცილებლად შეცვლიან საქართველოს მიმართ რიტორიკას, რადგან ომის პოლიტიკა მშვიდობის პოლიტიკით იცვლება, ლიბერალიზმი კი კონსერვატიზმით.
„ტრამპი ამერიკის პატრიოტია და აქედან გამომდინარე იმოქმედებს, საქართველო უკვე გავიდა იმ პოზიციაში, სადაც მხოლოდ ერთ პოლუსზე აღარ არის დამოკიდებული, ანუ ჩვენც შეგვიძლია უკვე პოლიტიკური თამაშების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე გავხდეთ“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე და განმარტავს, რომ საქართველოსთვის, ამ პოზიციიდან, ტრამპის ამერიკასთან ურთიერთობების დალაგება უფრო გონივრულია. თამარ ჩიბურდანიძემ აღნიშნა, რომ ცვლილებები, რომელიც რადიკალების ლობისტებს საქართველოში სურდათ, საკუთარ ქვეყნებში მიიღეს და ახლა, საქართველოს მშვიდად შეუძლია უყუროს საქართველოში რევოლუციის მსურველი პოლიტიკოსების ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებს.
„კანადის პრემიერ-მინისტრიც გადადგომას აპირებს. ყველა პოლიტიკური ლიდერი, ვინც ქართულ ოპოზიციას ლობირებდა, სახლში მიდის, უფრო სწორად, უშვებენ. დარჩნენ ევროპარლამენტარები, რომლებიც ახალი რეალობიდან გამომდინარე, აუცილებლად შეიცვლიან რიტორიკას ან ამ ლიდერების მსგავსად, მათაც შეაცვლევინებენ.
აი, რას ველოდით და რაზე ვწინასწარმეტყველებდით – ომის პოლიტიკას მშვიდობის პოლიტიკა ცვლის, ლიბერალიზმს – კონსერვატიზმი!
რაც შეეხება დონალდ ტრამპის საქართველოსადმი დამოკიდებულებას, ოპოზიცია ქირქილებს თუმცა, აქაც სიურპრიზს უნდა ელოდონ. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ამერიკის პატრიოტია და აქედან გამომდინარე იმოქმედებს, საქართველო უკვე გავიდა იმ პოზიციაში, სადაც მხოლოდ ერთ პოლუსზე აღარ არის დამოკიდებული, ანუ ჩვენც შეგვიძლია უკვე პოლიტიკური თამაშების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე გავხდეთ. ამ პოზიციიდან კი პოლიტიკის დალაგება ახალ ამერიკასთან ბევრად უფრო საინტერესო და გონივრული პროცესია.
საქართველომ დაასწრო ამ პროცესებს და დგას იქ, საითკენაც მიდის დღეს ევროპა. ეს არის სწორედ მიღწევა!
ახლა შეგვიძლია მშვიდად ვუყუროთ იმ ქვეყნებში მიმდინარე ცვლილებებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში რევოლუციას გეგმავდნენ. სწორედ ამათზეა ნათქვამი – „მინდოდა შენთვის და გამომივიდა ჩემთვისო“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.