leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა ალილოს მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე ალილოს ტრადიციულ მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა. გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს შობა მიულოცეს და მეალილოეებს საშობაო ნობათი გადასცეს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, შობა სიყვარულს და სიკეთეს უკავშირდება.

„ჩვენ, თბილისის საკრებულოს წევრები, რა თქმა უნდა დიდი სიხარულით შემოვუერთდით ალილოს მსვლელობას. ჩვენი უწმინდესის კურთხევით, ეს მრავალწლიანი ტრადიცია ქვეყნის საგანძურია. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ მონაწილეობას ვიღებთ ამ მსვლელობაში.

შობის დღესასწაული სიკეთეს, განახლებას, სიყვარულს, იმედს უკავშირდება. მინდა დღევანდელი დღე მივულოცო სრულიად საქართველოს. ჩვენს ქვეყანას ვუსურვებ მშვიდობას, გაერთიანებას, გამთლიანებას. ჩვენს მოქალაქეებს კეთილდღეობას ვუსურვებ. ვულოცავ ჩვენს უწმინდესს, ყველას, ვინც ლოცულობს ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

შობის დღესასწაულზე ალილოს მსვლელობა  პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. მეალილოეებმა რუსთაველის გამზირისა და  თავისუფლების მოედნის გავლით მსვლელობა ლოცვით და გალობით ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დაასრულეს.

ალილოს მონაწილეებს მსვლელობის დროს მოსახლეობა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემდა. შემოწირულობა, რომელიც ალილოს მსვლელობისას  შეგროვდა, ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან ბავშვთა სახლებში, უმწეოთა თავშესაფრებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილდება.

 

ასევე იხილეთ