შალვა პაპუაშვილი: პია კაუმამაც დაინახა, რა სამარცხვინო ოპოზიციასთან გვაქვს საქმე – ადამიანი უბრალოდ გააგიჟეს
“პია კაუმამაც დაინახა, რა სამარცხვინო ოპოზიციასთან გვაქვს საქმე – ადამიანი უბრალოდ გააგიჟეს”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პია კაუმას გადადებულ ვიზიტთან დაკავშირებით საუბრისას.
“გახსოვთ, პირველად სიტყვა პოლარიზაცია რომ ახსენა ზოგიერთმა უცხოელმა და ხელისუფლებას მოგვიწოდებდა დეპოლარიზაციისკენ, უცხოელების მხარდაჭერილი, ხელშეწყობილი, თავზე ხელგადასმული ოპოზიციის ქცევა რა იყო. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჩამოდიოდა, რომ შეხვედროდა ოპოზიციასაც, ხელისუფლებასაც, ყველას, ვისაც მასთან შეხვედრის სურვილი ექნებოდა და ადამიანი უბრალოდ გააგიჟეს. ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე ჩვენ, საქართველოს ხელისუფლებას.
ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით ხოლმე, ზოგი არ იჯერებდა. შეხედეს ხომ?! შეხედეს, რომ არის აბსოლუტური ექსტრემისტების ჯგუფი, პოლიტიკური რადიკალები და ექსტრემისტები, რომლებიც აბსოლუტურად ყველას გადაუვლიან. მანამდე ქალბატონი პია ლამის რუსად გამოაცხადეს და როგორც კი მან თქვა, რომ კარგი, არ ჩამოვდივარო, შემდეგ ტაში დაუკრეს. არაადეკვატური რადიკალების ჯგუფთან გვაქვს საქმე”, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.