საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი ხორვატიის ნაკრებთან ჩაატარა და 11:13 დამარცხდა.
ამ წყვილში გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალის საგზურს მოიპოვებდა. ქართველმა წყალბურთელებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს და პირველ მეოთხედში მეტოქე სამბურთიანი სხვაობით დაამარცხეს – 5:2.
ხორვატიამ თამაში გამოასწორა, მეორე მეოთხედი 5:2 მოიგო და პირველი ტაიმი ფრედ, 7:7 დასრულდა.
მესამე მეოთხედში ხორვატებმა სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს, საბოლოოდ, საქართველოს ნაკრების დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანეს და მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს.
წაგების მიუხედავად, საქართველოს ნაკრები განაგრძობს ბრძოლას მეოთხედფინალის საგზურისთვის. ქართველი წყალბურთელები შესარჩევი ტურნირის C დივიზიონის (აშშ, იაპონია, რუმინეთი) მესამეადგილოსანს 9 იანვარს დაუპირისპირდებიან.