“ხალხის ძალის” დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრზე დავით კეზერაშვილზე აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ „მისტერ ობშორ“ კეზერაშვილის დასანქცირება მოულოდნელი არ არის.
„პრინციპში, მოულოდნელი არ იყო, რომ აშშ-მა დაასანქცირა „მისტერ ობშორ” კეზერაშვილი. იმიტომ, რომ გარდა ქართული მართლმსაჯულებისა, საერთაშორისო სააგენტოების და არა მხოლოდ ჟურნალისტური გამოძიების მხრიდან ბევრი მტკიცებულება აქვს, რომ ის ქართული ჯარის ფულს იპარავდა, არამედ ევროპელი პენსიონერების ფულს იპარავდა. მათ შორის, მისი გარემოცვა დაკავებულია მსგავსი მტკიცებულებებით. აქედან გამომდინარეობს ის ფაქტიც, რომ თავად კეზერაშვილი დიდი ბრიტანეთიდან კვიპროსში გადასახლდა. ეს იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში მას უკვე ოფიციალური ბრალი წაეყენება, მათ შორის, ევროპელი პენსიონერების ძარცვასთან და ზოგადად, თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით.
ასეა, როდესაც რადიკალური ოპოზიცია აქ ეძებდა ოლიგარქს, საკუთარი დამფუძნებელი მიიღო „მისტერ ობშორი” ოლიგარქად. აქ ეძებდა საერთაშორისო სანქციებს და მიიღო „მისტერ ობშორის” სანქციები შეერთებული შტატებიდან. რასაც ცუდს, არასამართლიანად უსურვებ სხვას, ყოველთვის ბუმერანგით მოგიბრუნდება შენ”,– განაცხადა მაჭარაშვილმა.
გარდა ამ საკითხისა, მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ზურაბ ადეიშვილსაც მოუწევს სასჯელის მოხდა.
„პატიმარ სააკაშვილსაც ეგონა, რომ სამართალი ვერ დაეწეოდა და კონტეინერში დაიმალა, მაგრამ მიაგნო სამართალმა და ახლა იხდის სასჯელს. ასე მოუწევს ადეიშვილსაც ადრე თუ გვიან და ნებისმიერ პიროვნებას, რომელიც აღიარებულია დამნაშავედ არა მხოლოდ სასამართლოს მიერ, არამედ, ქართული საზოგადოების მიერაც”,- განაცხადა მაჭარაშვილმა.