„ჩვენ უნდა დაველოდოთ დიდი მოთამაშეების გადაწყვეტილებას, ოღონდ მანამდე უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ჩვენივე ხელით არ დავანგრიოთ ჩვენი სახელმწიფო! თორემ, შემდეგ უკვე ცოცხით და აქანდაზით მოვლენ ნამსხვრევების გასატანად და მტვერსაც გადაწმენდენ. მერე კი, ერთმანეთს თავაზიანად გაუღიმებენ და მართლა დერეფნად ქცეულ ნაქვეყნარზე გვერდს კულტურულად აუქცევენ. ამაზე დავფიქრდეთ!” – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„რეალურად, ტრამპის განცხადებები კანადაზე, გრენლანდიაზე, პანამის არხზე სულაც არ არის და არც უნდა იყოს ხუმრობის თემა.
ეს განსაკუთრებით საშიშია ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ქვეყნებისთვის.
ამ პროცესში ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ჩამორჩებიან ჩინეთი, თურქეთი და რუსეთი!
და შედეგად მივიღებთ კატასტროფას:
თუკი კანადა (ამხელა კანადა!) შეიძლება გახდეს ამერიკის 51-ე შტატი, რატომ არ შეიძლება საქართველო (ციცქნა საქართველო!) გახდეს რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი სუბიექტი?!
დიდი ქვეყნების გამსხვილება პატარა ქვეყნების განადგურებას ნიშნავს!
ტრამპის ამბიციები გაცხადებულია!
პუტინისაც!
ჩვენ კი ამ ნიანგებისთვის იმ სანიტარი ჩიტის როლშიც არ ვართ, რომელიც პირდაღებულს კბილებს უსუფთავებს და თამამად იკვებება, რადგან იცის, რომ ნიანგი ყბებს არ დახურავს, – “ბრდღვნად არ უღირს” და იმიტომ!
ჩვენ დიდი სიფრთხილე გვმართებს, რადგან ახალ რეალობაში ჩვენი როლი ჯერ არ გამოკვეთილა, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, საბოლოოდ არ შეგვიძენია ფუნქცია. ან, უკეთ რომ ვთქვა, დიდ იმპერიებს ჯერ არ გაუცხადებიათ, საბოლოოდ რა დაგვევალება.
ნუ ვიფიქრებთ, რომ ჩვენზე ფიქრით და ზრუნვით ათენ-აღამებენ!
არა, ასე არც ყოფილა და არც იქნება!
ჩვენ უნდა დაველოდოთ დიდი მოთამაშეების გადაწყვეტილებას, ოღონდ მანამდე უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ჩვენივე ხელით არ დავანგრიოთ ჩვენი სახელმწიფო!
თორემ, შემდეგ უკვე ცოცხით და აქანდაზით მოვლენ ნამსხვრევების გასატანად და მტვერსაც გადაწმენდენ. მერე კი, ერთმანეთს თავაზიანად გაუღიმებენ და მართლა დერეფნად ქცეულ ნაქვეყნარზე გვერდს კულტურულად აუქცევენ.
ამაზე დავფიქრდეთ!” – წერს ბონდო მძინარაშვილი.