„მხოლოდ თქვენ, რუსეთის მოქალაქეები განსაზღვრავთ სამშობლოს ბედს“ – ამ სიტყვებით მიმართა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეს.
პუტინის მიმართვაში, რომელიც კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ქვეყანაში არჩევნების რეგულარულად ჩატარება დემოკრატიულობის ხელშეუხებლობას მოწმობს.
„რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მერვედ ტარდება, რაც დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი პრინციპის – არჩევნების რეგულარობის ხელშეუხებლობას მოწმობს.
ამ არჩევნების შედეგები პირდაპირ გავლენას მოახდენს მომდევნო წლებში, ქვეყნის განვითარებაზე.
ეს მნიშვნელოვანი, ძალიან საპასუხისმგებლო მოვლენაა. ამიტომ, როგორც სახელმწიფოს მოქმედ ხელმძღვანელს, აუცილებლად მიმაჩნია, მოგმართოთ.
ხაზს ვუსვამ, რომ ძალაუფლების ერთადერთი წყარო ჩვენს ქვეყანაში ხალხია. ეს ძირითადი სამართლებრივი დებულება კონსტიტუციაშია გათვალისწინებული. მისი მთავარი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ მხოლოდ თქვენ, რუსეთის მოქალაქეები განსაზღვრავთ სამშობლოს ბედს. თქვენ მოგიწევთ, არამარტო მისცეთ ხმა, არამედ მტკიცედ გამოხატოთ თქვენი ნება და მისწრაფებები, თქვენი პირადი ჩართულობა რუსეთის შემდგომ განვითარებაში, რადგან არჩევნები მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯია.
დარწმუნებული ვარ, თქვენ გესმით, როგორი რთული პერიოდი უდგას ახლა ჩვენს ქვეყანას, როგორი რთული გამოწვევებია პრაქტიკულად ყველა სფეროში და იმისთვის, რომ ამ გამოწვევებზე ღირსეული პასუხის გაცემა გავაგრძელოთ, წარმატებით გადავლახოთ დაბრკოლებები, გვჭირდება მომავალშიც ერთიანი და საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყოთ.
ჩვენ, თავისუფლების, სუვერენიტეტისა და რუსეთის უსაფრთხოების დაცვით, უკვე დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია ერთად დგომა. ჩვენი ღირებულებების, ტრადიციების, ისტორიისა და კულტურის დაცვა. ვიმოქმედეთ სინდისისა და ჭეშმარიტების მიხედვით. ჩვენ საკუთარი შეხედულება გვაქვს იმის შესახებ, თუ როგორი ქვეყანა ავაშენოთ და როგორი გეგმები მოვიყვანოთ სისრულეში.
დღეს კი, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამ გზიდან არ გადავუხვიოთ, განვახორციელოთ გეგმები და მივაღწიოთ ფართომასშტაბიან მიზნებს.
ამიტომ, უახლოეს დღეებში ბევრი რამ არის დამოკიდებული თითოეულ თქვენგანზე. პირდაპირ ვიტყვი – დღეს, არჩევნებში მონაწილეობა პატრიოტული გრძნობების გამოვლინებაა. ეს კარგად ესმით დონბასის და ახალი რუსეთის მცხოვრებლებს, რომლებმაც ურთულეს პირობებში რეფერენდუმებზე ხმა მისცეს რუსეთთან გაერთიანებას და არჩევანს ამ დღეებშიც გააკეთებენ.
ხმას ჩვენი მებრძოლებიც მისცემენ ფრონტზე. ისინი, ვაჟკაცურად და გმირულად იცავენ სამშობლოს და არჩევნებში მონაწილეობით მაგალითს გვაძლევენ ყველას.
აუცილებელია, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ერთიანობა და ერთად წინსვლის მტკიცე გადაწყვეტილება. თქვენი თითოეული ხმა ღირებული და მნიშვნელოვანია. ამიტომ, მოგიწოდებთ, ისარგებლოთ ხმის მიცემის უფლებით მომდევნო სამი დღის განმავლობაში. ჩვენი ქვეყანა დიდია და ყველგან – ყველა ქალაქში, ქალაქში, სოფელში – საარჩევნო უბნები გაიხსნება“, – ნათქვამია პუტინის მიმართვაში.
შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს გაიმართება.