თეა ახვლედიანი: ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარმა უმძიმესმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა, უდიდესი გულისტკივილით ვუსამძიმრებ ოჯახს
ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად მომხდარმა უმძიმესმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა, ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის სამძიმრის ტექსტშია ნათქვამი.
თეა ახვლედიანი ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
“დღეს სრულიად საქართველო გლოვობს ხუთ მცირეწლოვან გოგონას – ემილია, ანა-მარია, ელენე, ნია და სოფიო ჭოლარიებს… ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად მომხდარმა ამ უმძიმესმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. უდიდესი გულისტკივილით ვუსამძიმრებ ოჯახს, რომელთა ნუგეში ძნელია ხუთი შვილის დაკარგვით განცდილი განუზომელი მწუხარების ჟამს. გამძლეობას ვუსურვებ მათ და ვუდასტურებ გულწრფელ თანაგრძნობას!”, – აცხადებს თეა ახვლედიანი.
ხანძრის შედეგად დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.