პაპუაშვილი: მათ, ვინც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა, პირობა არ შეასრულეს და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოსგან რუსეთთან ესკალაცია მოითხოვეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ მათ, ვინც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა, პირობა არ შეასრულეს და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსგან რუსეთთან ესკალაცია მოითხოვეს.
პაპუაშვილი აქვეყნებს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუს ნაწილს ამერიკელ ჟურნალისტთან ლექს ფრიდმანთან, სადაც უკრაინის ლიდერი საუბრობს იმაზე, რომ 1994 წელს ხელმოწერილი „ბუდაპეშტის მემორანდუმის“ შესაბამისად, აშშ, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩინეთი ოფიციალური კიევის მიერ ბირთვულ იარაღზე უარის თქმის სანაცვლოდ მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტორები იქნებოდნენ.
„ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ გული გაგიჩერდება იმის გააზრებით, რომ მათ, ვინც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა (რასაც ზელენსკი ფარატინა ქაღალდს უწოდებს), პირობა არ შეასრულეს და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსგან რუსეთთან ესკალაცია მოითხოვეს ისე, რომ უსაფრთხოების და ეკონომიკური გარანტიების მიცემა არ უნდოდათ“, – დაწერა პაპუაშვილმა.