leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან მაჭავარიანი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: ეს არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა

“ეს არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა მოყოლებული 2012 წლიდან”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ქმედებებს შეისწავლის.

მისი თქმით, დადგა დრო, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და ეს იყო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებაც.

“დადგა დრო რომ ბევრ კითხვას გაეცეს პასუხი, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილი არის. თქვენ გახსოვთ ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება, როდესაც ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს ვპირდებოდით, რომ თუ ავიღებდით საკონსტიტუციო უმრავლესობას, რეჟიმის გასამართლება დღის წესრიგში დადგებოდა. იქიდან გამომდინარემ, რომ მათ გარე მფარველებს არ ექნებოდათ ბერკეტი ჩარეულიყვნენ ამ პროცესში, ვინაიდან ჩვენ გვექნებოდა საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩვენ, სამწუხაროდ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ ავიღეთ თუმცა ამ გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ სჭირდება და ჩვენ თავს ძალიან მყარად ვგრძნობთ და შესაბამისად, ვაპირებთ, რომ ეს ნაბიჯი მაინც გადავდგათ და ამით ერთი მხრივ, ის დაპირება მაინც შევასრულოთ და მეორე მხრივ, რასაც ელოდება ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, ეს ყველაფერი ჩვენ აღვასრულოთ”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ასობით ათასი ოჯახი გახდა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლი.

“სამართლიანობა უნდა აღდგეს. აუცილებელია ეს იმისთვის, რომ ყველაფერს მიეცეს სამართლებრივი შეფასება”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, საგაზაფხულო სესიაზე შეიქმნება კომისიას, რომელიც მოუსმენს დაზარალებულ მხარეს. შემდეგ კი მასალები გადაეცემა პროკურატურას. ლევან მაჭავარიანის განცხადებით, საუბარია სისტემურ დანაშაულებზე, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა. მათ შორის არის „ნაცმოძრაობის“ მცდელობა, დაებრალებინათ ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულები, ასევე, ისკანდერის ნაწილების გადამალვა, რომელიც მთავარი მტკიცებულება უნდა ყოფილიყო რუსეთის წინააღმდეგ. ლევან მაჭავარიანის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო, რომ შეეგროვებინა ყველა მტკიცებულება და რუსეთისთვის მოეგო ჰააგის და სტრასბურგის სასამართლოები.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

ასევე იხილეთ