საზოგადოებრივი მაუწყებელი: შეშფოთებას გამოვთქვამთ სისტემატური თავდასხმებისა და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობის გამო
საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი შეშფოთებას გამოთქვამს ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, სხვადასხვა მხარის მიერ, პირველი არხის მიმართ სისტემატური ხასიათის თავდასხმების, სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევისა და დამოუკიდებელ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მცდელობის გამო.
საზოგადოებრივი მაუწყებელი თავის საქმიანობას ახორციელებს კანონით დადგენილი შინაარსობრივი ვალდებულებების შესაბამისად და ემსახურება მთელ საზოგადოებას, ჟურნალისტური ეთიკის ნორმების სრული დაცვით, ობიექტურად, გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების გათვალისწინებით, რაც დაადასტურა ეუთო/ოდირის დასკვნამაც. სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ განსაკუთრებულ აგრესიას ავლენს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არხის დისკრედიტაციის მიზნით მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას, მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან სივრცეში, როგორიც მაგალითად, ევროპარლამენტია. აღარაფერს ვამბობთ მისი მხრიდან არხის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე და მოწოდებაზე არხის დასჯის შესახებ, რაც მედიასთან ურთიერთობის ყოველგვარ სტანდარტს მიღმა დგას.
პოლიტიკოსებისგან მსგავსი ტიპის თავდასხმები ახალისებს და აქეზებს გარკვეულ საზოგადოებრივ ჯგუფებს და კერძო პირებს, ლეგიტიმურად მიიჩნიონ მედიის საქმიანობაში ჩარევა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისა და თანამშრომლების შეურაცხყოფა, ბულინგი და მათი მისამართით სიძულვილის ენის გამოყენება.
მოვუწოდებთ ყველა მხარეს, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსებს, ამ რთულ დროს შეინარჩუნონ პროფესიონალიზმი და პროფესიული სტანდარტი. შემაშფოთებელია დამოუკიდებელ მედიაზე დეზინფორმაციის საშუალებით წნეხის განხორციელებისა და ჟურნალისტების დაშინების მცდელობა.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის მთელ საზოგადოებას, არც ერთ პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ ჯგუფს არა აქვს მისი მონოპოლიზებისა და სხვებისთვის ჩაკეტვის უფლება.
აქ ჟღერდება სხვადასხვა იდეა და მოსაზრება, მათ შორის ისეთი, რომელიც, ცხადია, ყველასთვის მისაღები და მოსაწონი ვერ იქნება, რასაც გაგებით უნდა მოეკიდოს ყველა, ვინაიდან სწორედ ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის დანიშნულება და ამის გამო, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ბულინგი დაუშვებელია და ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესს აზიანებს. განსხვავებულ აზრსა და იდეას აზრითა და იდეით უნდა დაუპირისპირდნენ და არა ჟურნალისტების ღირსების შელახვით.
აქვე გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 13 იანვრიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი განაახლებს პრაიმტაიმის ეთერს და იგი, როგორც ყოველთვის, დაეთმობა ყველა, მათ შორის სხვადასხვა პოზიციაზე მყოფ მხარეებს აზრის გამოთქმისა და დისკუსიისთვის. შეძლებისდაგვარად ვეცდებით, დრო დავუთმოთ ყველა მნიშვნელოვან თემას პოზიციების დაახლოებისთვის და არა რადიკალიზაციის გასაღრმავებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.