ნინო ცხვარაძე: „ნაცმოძრაობას“ ახალ სიცოცხლეს მიშა ვეღარ შესძენს, ზურაბიშვილი კი საბოლოოდ გაითხრის პოლიტიკურ სამარეს…
„სალომე ზურაბიშვილი ხომ ბნელ დარბაზში ნებისმიერთან ერთად დაჯდება, რადგან პოლიტიკურ სცენაზეც მხოლოდ ბნელი ძალები თუ მიიწვევენ. პოლიტიკური ყელყელაობისთვის შესაძლოა და როგორც ვარაუდობენ, ყოფილი პრეზიდენტი – სააკაშვილიც კი შეიწყალოს. თუ ეს ასე მოხდება, დიდი ალბათობით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ახალ სიცოცხლეს მიშა ვეღარ შესძენს, ზურაბიშვილი კი საბოლოოდ გაითხრის პოლიტიკურ სამარეს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ნინო ცხვარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ბოლო დროს საზოგადოება პოლიტიკურ ჭრილში რამდენიმე საკითხს აქტიურად განიხილავს. მეც რამდენიმე მათგანზე გავამახვილებ ყურადღებას და ვეცდები მოკლედ ვთქვა სათქმელი.
როცა ხელისუფლებამ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე განცხადება გააკეთა, ვიღაცებმა დაბეჯითებით ვერ, მაგრამ მაინც გააკეთეს აქცენტი ადამიანის უფლებების შელახვაზე. არადა, პროპაგანდა არის ინფორმაციის მიწოდების ფორმა, რომელიც გულისხმობს საკომუნიკაციო საშუალების მიზანმიმართულ გამოყენებას ადამიანთა გონებაზე, ემოციებსა და ქცევაზე სასურველი ზემოქმედების მიზნით. აუდიტორიის დასარწმუნებლად პროპაგანდისტებმა შეიძლება განსხვავებული მეთოდები გამოიყენონ, თუმცა, მიზანი ერთია — რაიმე იდეის გავრცელება მომხრეების გაჩენის მიზნით. პროპაგანდისტული მიზნებისთვის განსაკუთრებით ფართოდ გამოიყენება მასობრივი ინფორმაციის საშუალებები: პრესა, ტელევიზია, ინტერნეტ-რესურსები და ა. შ.
პროპაგანდის განმარტებაში არსად წერია, რომ ილახება ადამიანის უფლებები, თუმცა, განმარტებას როგორც აწყობთ, ისე გაიაზრებენ და სენსიტიური თემით სპეკულირებასაც არ მოერიდებიან, მთავარია, სარგებელი მიიღონ „პატრონებისგან“. მაგალითისთვის „თბილისი პრაიდის“ დონორებისადმი მიწერილი წერილიც გამოდგება, სადაც შავით თეთრზე წერია: „უზრუნველვყოთ კოორდინირებული ქმედება როცა ამის დრო დადგება, როგორც ეს გასულ წელს, მარტის პროტესტების დროს გავაკეთეთ“… სამწუხაროდ, გასული წლის მარტის მოვლენები რომ გარე ძალებისგან იყო მართული, ამასაც მიხვდა საზოგადოება.
დიახ, პროპაგანდის აკრძალვა არ ნიშნავს ძალადობას, ვინმეს უფლებების შელახვას! მე პატივს ვცემ ქართულ ტრადიციებს და სულაც არ ვარ ვინმეს მიმართ აგრესიით გამსჭვალული!
პოლიტიკურ ჭრილში საზოგადოების ყურადღება „ახალმაც“, მიიპყრო, რომელიც ძველი სახეებისგან ახლად თავის წარმოჩენას ლამობს, თუმცა, ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს. იმდენად უშინაარსოა, მეორედ მისი ყურების სურვილი, არა მგონია, ბევრს გაუჩნდეს… თუმცა, რატომაც არა, არ გამიკვირდება, ამ კინოთი პრეზიდენტი დაინტერესდეს. პრინციპში, სალომე ზურაბიშვილი ხომ ბნელ დარბაზში ნებისმიერთან ერთად დაჯდება, რადგან პოლიტიკურ სცენაზეც მხოლოდ ბნელი ძალები თუ მიიწვევენ. პოლიტიკური ყელყელაობისთვის შესაძლოა და როგორც ვარაუდობენ, ყოფილი პრეზიდენტი – სააკაშვილიც კი შეიწყალოს. თუ ეს ასე მოხდება, დიდი ალბათობით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ახალ სიცოცხლეს მიშა ვეღარ შესძენს, ზურაბიშვილი კი საბოლოოდ გაითხრის პოლიტიკურ სამარეს.
ამასთან, თუ გლობალური ომის პარტია სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილს შეაწყალებინებს, ეს „ხალხის ძალისთვის“ იქნება ბოლო წვეთი, არჩევნებს აღარ დაელოდება და გამოძიების დაწყებას არჩევნებამდე მოითხოვს!“ – წერს ნინო ცხვარაძე.