leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველო აშშ-ში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ გამოფენა CES-ში პირველად მონაწილეობს

საქართველო პირველად მონაწილეობს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და  მასშტაბურ ტექნოლოგიურ გამოფენა CES-ში (Consumer Electronics Show), რომელიც აშშ-ში, ქალაქ ლას-ვეგასში მიმდინარეობს. ღონისძიებას საქართველოს დელეგაცია, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ხელმძღვანელობს, ორგანიზატორი მხარის სპეციალური მოწვევით ესწრება. საქართველო ღონისძიებაზე წარმოადგენილია „StartUP in Georgia“-ის ინიციატივით, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს პოზიციონირებას, როგორც სტარტაპების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს მქონე ქვეყნისა საერთაშორისო ბაზარზე.

ღონისძიების ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე „შესაძლებლობების გახსნა: სახელმწიფო სტრატეგიები სტარტაპების მხარდასაჭერად და ინვესტიციების გასაძლიერებლად“.

„ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ნაწილია, რომელიც, თავის მხრივ, ითვალისწინებს ცოდნასა და ინოვაციაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. სახელმწიფო სტარტაპების მხარდაჭერას ბევრი სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს, დიდი ყურადღება ექცევა ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა, თუ ტექნიკურ დახმარებას. ამ გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემის გლობალური მასშტაბით წარმოჩენა, რისი საუკეთესო საშუალება სწორედ გლობალური, ტექნოლოგიური გამოფენები და კონფერენციებია. აღსანიშნავია, რომ წელს საქართველო CES-ზე პირველად არის წარმოდგენილი“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი ნადარეიშვილმა დისკუსიის მონაწილეებს გააცნო დეტალური ინფორმაცია საქართველოში არსებული ინოვაციების ხელშემწყობი პროგრამების, საგადასახადო შეღავათების, ფინანსებზე წვდომის ინსტრუმენტებსა და კვლევების მიმართულებების შესახებ. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მთავრობის მიერ განხორციელებულმა რეფორმებმა, რომლის შედეგადაც საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა წარმოადგენს რეგიონული მნიშვნელობის მიზიდულობის ცენტრს და მნიშვნელოვან ინტერესს გლობალური ინვესტორებისა თუ უცხოური სტარტაპებისთვის.

დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ CTA-ის საერთაშორისო ვაჭრობის ვიცე პრეზიდენტი ედ ბჟიტვა (Ed Brzytwa); ევროკავშირის ინოვაციების საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი ჟან-დავიდ მალო (Jean-David Malo) და სხვ.

ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და საქართველოს გენერალური კონსული სან-ფრანცისკოში ლევან ყულიჯანაშვილი CTA-ს  პრეზიდენტს  ქინსი ფაბრიციოს (Kinsey Fabrizio) და CES-ს ვიცე-პრეზიდენტს ჯონ ქელის (John Kelley) შეხვდნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა  საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობისა და პროგრამების შესახებ. მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე შეთანხმდნენ.

CES 2025 აერთიანებს სხვადასხვა აქტივობას, პანელურ დისკუსიებს, პრეზენტაციებს, შეხვედრებს, სხვადასხვა ქვეყნის ეკოსისტემებისა და ტექნოლოგიური კომპანიების გამოფენებს მთელი მსოფლიოდან. საქართველოს საგამოფენო სტენდზე ასევე წარმოდგენილია ქართული სტარტაპები, მათ შორის, Klipy, Elven Technologies, Widgera, Stori AI, Baasi.

ასევე იხილეთ