leaderboard_below_slide
left_sabechdi

ალექსანდრე წულაძე ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის  55-ე საჯარო სკოლას ეწვია და ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.

მინისტრმა ოლიმპიადის მონაწილე სკოლის მოსწავლეებს წარმატება უსურვა. როგორც ალექსანდრე წულაძემ აღნიშნა, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება ხელს უწყობს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას და იმ ნაკრები გუნდებისთვის კანდიდატების გამოვლენას, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებში საქართველოს სახელით მიიღებენ მონაწილეობას.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის მიმდინარეობის შესახებ მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა.

2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური მთელი საქართველოს მასშტაბით 64 ქალაქში იმართება. მეორე ტურში მონაწილეობას იღებს 6880-ზე მეტი მოსწავლე.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ცენტრალიზებულად ტარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, უცხოური ენა.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ეროვნულ სასწავლო გეგმას ეფუძნება და მას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველ წელს სამ ტურად ატარებს.

 

ასევე იხილეთ