კონსერვატიული საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალის Geo-firts.com-ის გუნდი მარკ ცუკერბერგს ღია წერილით მიმართავს
ღია წერილი მარკ ცუკერბერგს
უპირველესად, გვსურს მივესალმოთ თქვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, Meta-ს საკუთრებაში არსებულ სოციალური მედიის პლატფორმებზე ცენზურის გაუქმებასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, სწორედ თქვენგან მოესმინა მსოფლიოს იმის აღიარება, რაც ჩვენ დიდი ხნის წინ ვამხილეთ და რასაც აქტიურად დავუპირისპირდით. თქვენ აღიარეთ, რომ წლების განმავლობაში პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები Meta-ს მიერ მინიჭებულ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდნენ და მათი პოლიტიკური დღის წესრიგის მიხედვით სოც-მედიაში სიტყვის თავისუფლებას ზღუდავდნენ. სამწუხაროდ, აღნიშნულმა მავნე პრაქტიკამ უკვე დიდი ზიანი მიაყენა კონკრეტულად ჩვენს მედიაპორტალს − Georgia First News-ს, სხვა ალტერნატიული აზრის გამხმოვანებელ მედიასაშუალებებს და ზოგადად, გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში.
ჩვენს ქვეყანაში Meta-ს სახელით წლებია მოქმედებს „აზრის პოლიცია“, რომელიც ყველანაირ ინფორმაციას ბლოკავს, რაც ფსევდო-ლიბერალურ დღის წესრიგს არ ემთხვევა. სამწუხაროდ ამგვარი ჭარბი უფლებამოსილება თქვენს საკუთრებაში არსებულმა კომპანიამ საქართველოში მიანიჭა ადამიანთა ჯგუფებს, რომლებიც 2003-2012 წლებში ხელისუფლებაში ყოფნისას, ძალის გამოყენებით ახშობდნენ განსხვავებულ აზრსა და გამოხატვის თავისუფლებას. ისინი საპოლიციო ძალების გამოყენებით იჭრებოდნენ დამოუკიდებელ ტელეკომპანიებში და ქონებას ართმევდნენ კანონიერ მესაკუთრეებს. მათ დახურეს ბეჭდური მედიის გამოცემები. აღნიშნულმა ძალებმა სრულად დაიქვემდებარეს საინფორმაციო საშუალებები და მათი მართვა ერთი ცენტრიდან − მმართველი პარტიიდან ხორციელდებოდა. ადამიანები, რომლებიც 2012 წლის შემდეგ, ე.წ. ფაქტების შემმოწმებლებად მოგვევლინნენ, წარმოადგენენ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც სატელიტური ანტენებიც კი დააპატიმრა, რათა მოსახლეობას ალტერნატიული ინფორმაციის მიღების საშუალება არ ჰქონოდა.
ოპოზიციაში გადანაცვლების შემდეგ, მათ დააფუძნეს ორგანიზაციები, რომლებმაც მოიპოვეს ლიცენზია საქართველოში, სოციალურ მედიაში ცენზურის განხორციელებაზე. სავარაუდოდ, ეს იმავე ძალების ლობიზმის შედეგად მოხდა, რომლებიც თქვენ ზემოქმედებაში დაადანაშაულეთ − ბაიდენის ადმინისტრაცია და ე.წ. Deep State. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციის − „მითების დეტექტორის“ აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოზიციას იკავებდა. ეს მაშინ, როდესაც გადასახადების გადამხდელთა ფულით დაფინანსებული ტელევიზია სრულად ჰქონდა დაქვემდებარებული მმართველ პარტიას და იქ ყველანაირი ალტერნატიული აზრი იკრძალებოდა. „მითების დეტექტორს“ სხვა საერთაშორისო ფონდებთან ერთად აფინანსებენ საქართველოში აშშ-ის საელჩო; USAID და „ღია საზოგადოების ფონდი“. ეს უკანასკნელი ჯორჯ სოროსს ეკუთვნის. არაერთი კვალიფიციური კვლევა ადასტურებს, რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ე.წ. ფაქტჩეკერების უკან სწორედ სოროსი დგას, რომელიც აფინანსებს ცენზორებს იმისათვის, რათა შეიზღუდოს მემარჯვენე კონსერვატიული მიმართულების მედიასაშუალებები.
ასევე, გამორჩეულ ცენზორად გვევლინება ეთერ ბუზიაშვილი, რომელიც ოფიციალურად ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომელია. ის საჯარო გამოსვლებში მკაფიოდ აცხადებდა, რომ გაანადგურებდა ნებისმიერ მედიასაშუალებას, რომელიც შეეცდებოდა ალტერნატიული, არამეინსტრიმული აზრის გავრცელებას.
საქართველოში სასურველი პოლიტიკური ვითარების მიღებისათვის და აღნიშნული ძალების ინტერესების გასატარებლად ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენდა სოციალური მედიიდან ყველანაირი ალტერნატიული ინფორმაციის გაქრობა. თქვენ დაადასტურეთ ყოველივე ზემოთ აღნიშნული და ამის ნეგატიურ შედეგებზეც გაამახვილეთ ყურადღება, მაგრამ მსგავსი ჯგუფები მხოლოდ აშშ-ში გააუქმეთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს კვლავ ამ ანგაჟირებული ცენზორების ტყვეობაში ტოვებთ. მოგიწოდებთ, ე.წ. ფაქტების შემოწმების პროგრამა სასწრაფოდ შეაჩეროთ გლობალური მასშტაბით და არა მხოლოდ ამერიკის ტერიტორიაზე.
სიტყვის თავისუფლება უნივერსალური ღირებულებაა, რომლის დაცვა არ უნდა ხდებოდეს გეოგრაფიული საზღვრების მიხედვით.
პატივისცემით,
Geo-first News-ის გუნდი