“ვინც ამ იდეას აქსელერაციას უკეთებს, არის სულგაყიდული ხალხი. ისინი სხვათა დავალებებს ასრულებენ და ფიქრობენ, რომ აქედან შეხვდებათ ლუკმა, როდესაც სასამართლოს მიიტაცებენ. მაგ სისტემას სჯობს, დავარქვათ „ადეიშვილიზმი“, უფრო უკეთესად რომ გაიგოს საზოგადოებამ. უცხო სიტყვებით, რაღაცა კეთილშობილური სარჩულით, სინამდვილეში, ეს არის ცხვრის ტყავში გახვეული მგლის კონცეფცია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ სასამართლო სისტემაში „ვეტინგის” დანერგვაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, არც ერთ მოსამართლეს არ აქვს პრობლემა, რომ საზოგადოება მის კეთილსინდისიერებაში დაარწმუნოს.
“(ჯორჯ) სოროსი არის ცნობილი გლობალისტი. ცნობილი იმით, რომ ის არის ექსპერტი, როგორ მიიტაცოს ქვეყნების ხელისუფლება. ის საკუთარი უზარმაზარი ფინანსური შესაძლებლობებიდან დებს მინიმუმს ქვეყნებში, რათა მოიპოვოს ადგილობრივი მეხუთე კოლონის, აქ რომ “ენჯეოები” ჰქვიათ, ასეთი ტიპის ადამიანების ხელით გარკვეული ნდობა და შემდეგ შემოაგდოს ასეთი საშინელი წინადადებები. თუ არ ვცდები, გაეროში 198-ზე მეტი ქვეყანაა გაწევრიანებული და რაღა ალბანეთის მაგალითით უნდა ვიმოქმედოთ. ვინც ამ იდეას აქსელერაციას უკეთებს, არის სულგაყიდული ხალხი. ისინი სხვათა დავალებებს ასრულებენ და ასევე, ფიქრობენ, რომ აქედან შეხვდებათ ლუკმა, როდესაც სასამართლოს მიიტაცებენ. ეს არის მათთვის შარა გზა, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ და რევანში მოაწყონ. ეგ ამბავი არ გამოვა. მაგ სისტემას სჯობს, დავარქვათ “ადეიშვილიზმი”, უფრო უკეთესად რომ გაიგოს საზოგადოებამ. უცხო სიტყვებით, რაღაცა კეთილშობილური სარჩულით, სინამდვილეში, ეს არის ცხვრის ტყავში გახვეული მგლის კონცეფცია.
არც ერთ მოსამართლეს არ აქვს პრობლემა, რომ მის კეთილსინდისიერებაში დაარწმუნოს საზოგადოება, მაგრამ ვისი ხელით უნდა დარწმუნდეს? უკაცრავად, გამჭვირვალობის გზით ხომ არა? ყველაზე არაკეთილსინდისიერი “ენჯეოების” მეშვეობით? არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გამყალბებლები არჩევნების, რეალობის, ადამიანები, რომლებიც მოდელირებას უკეთებენ მუდამ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და ფერებს ამუქებენ. მოდით, ჯერ საკუთარ კეთილსინდისიერებაში დაგვარწმუნონ, ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს რომ იძახიან პრესკონფერენციებზე. როდესაც ჩვენ ეს პროცესი წამოვიწყეთ, გახსოვთ, საკუთარი ხელით დაიგლიჯეს ბუმბული თავზეც და ტანზეც. იმიტომ, რომ მათი კეთილსინდისიერება „პლინტუსს“ დაბლა არის. საზოგადოება კარგად ხედავს, ვინ ვის ეუბნება, რომ კეთილსინდისიერებაში დაგვარწმუნეთო, ყველაზე უსინდისო “ენჯეოები”, – განაცხადა ოდიშარიამ.