ნიკოლოზ სამხარაძე: ვფიქრობ, რომ პია კაუმას ეს განცხადება ბევრად უფრო დამანგრეველი იყო ჩვენი ოპოზიციისთვის, ვიდრე ის ვიზიტი იქნებოდა
„მათი აზრით, ეს კიდევ ერთხელ გაამყარებდა ეუთო/ოდირის ანგარიშს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არჩევნები შედგა და საქართველოს ხელისუფლებამ ახლა უნდა გადადგას ნაბიჯები იმისთვის, რომ გარკვეული რეკომენდაციები შეასრულოს მომავალი არჩევნებისთვის”, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.
„ოპოზიციის გადმოსახედიდან ეს ნიშნავს იმას, რომ მათი მთელი ეს ნარატივი იმაზე რომ არჩევნები გაყალბდა არის სრულიად უსაფუძვლო და სისულელე. ადამიანები ჩამოდიან და შენ გხვდებიან იმისთვის, რომ დაგგეგმონ მომავალი რეფორმები ხელისუფლებასთან ერთად, რომ საარჩევნო კანონმდებლობა და საარჩევნო პროცედურები გაუმჯობესდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ აღიარებ ამ არჩევნების შედეგებს და იმას, რომ ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულებაში უნდა ჩართო, რაც თავისთავად ნიშნავს მათი გეგმების სრულად დამსხვრევას. სწორედ ამიტომ წავიდნენ ისინი წინააღმდეგ.
ჩვენ გვახსოვს იგივე პოზიცია ჰქონდათ მათ ალან ბერსეს ვიზიტის დროს, რომელიც არის ევროსაბჭოს გენერალური მდივანი. მასაც ყველა არა, მაგრამ ოთხიდან ორი პარტია არ შეხვდა, აქ გადაწყვიტეს ერთობლივად, რომ საერთოდ არავინ არ შეხვედროდა. ეს იყო მთელი მიზანი ოპოზიციისა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობა არ ჩამოსულიყო საქართველოში.
ვფიქრობ, რომ პია კაუმას ეს განცხადება ბევრად უფრო დამანგრეველი იყო ჩვენი ოპოზიციისთვის, ვიდრე ის ვიზიტი იქნებოდა იმიტომ, რომ ისინი თავის იმედებს სწორედ ამაზე აწყობენ, რომ გარედან ლეგიტიმაცია იქნება არ ჰქონდეს ამ ხელისუფლებას. გარედან ლეგიტიმაცია არავის სჭირდება, არც ერთ ხელისუფლებას, მათ შორის ისეთი პატარა ქვეყანას ხელისუფლებასაც, როგორიც საქართველოა. ყველა ქვეყანაში ლეგიტიმაციის წყარო არის ხალხი და ხალხმა თავისი ნება გამოხატა არჩევნებზე.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას აქვს კიდევ ერთი დათქმაა, რომ ამ დელეგაციაში აუცილებლად უნდა იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, სხვა შემთხვევაში ჭირს ხოლმე მანდატების აღიარება. ოპოზიციას თავისი ბოიკოტითაც შეუძლია ამ შემთხვევაში მანდატების არაღიარებას მიაღწიოს იმიტომ, რომ თუ ის არ მიიღებს მონაწილეობას დელეგაციის მუშაობაში, მაშინ ავტომატურად დღის წესრიგში დგება მანდატების აღიარება – არაღიარების საკითხი.
ამიტომ ისინი ახლა აქ თვალთმაქცობენ, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ასეთი წესები არსებობს. შესაბამისად ეს საკითხი თუ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში, ეს საკითხი ავტომატურად დადგება დღის წესრიგში. ახლა ისინი ცდილობენ, რომ თავის თავზე მიიწერონ, რომ თითქოს მათი წერილის გამო შეიძლება მოხდეს ეს, თუმცა ეს არის წესები, რომელიც დადგენილი აქვს თვითონ ევროსაბჭოს. იქ არის გენდერული წესები და არის წესები, რომ ოპოზიციის წევრები აუცილებლად უნდა იყვნენ დელეგაციაში“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.