„წარმოუდგენელი რამ ვიხილეთ გუშინ. ეს არის არა მარტო მორალს გაცდენილი საქციელი, რომელიც საზოგადოების ერთმა ჯგუფმა წარმოაჩინა საჯაროდ, არამედ ეს სცდება ყველანაირ ტრადიციებს თუ ადათ-წესებს, რომელიც ქართულ იდენტობასთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ.
„გუშინ რაც ჩვენ ვიხილეთ რესტორან „ბაბილოსთან“, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც რადიკალებს წარმოადგენენ, წამსვლელი არიან ყველაფერზე, არაფრისგან უკან არ დაიხევენ. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ამ ადამიანების მხრიდან წარმოჩენილი ქცევა უკვე ფსკერსაც კი გასცდა და იმის ქვეშ არის. ეს არაფერში არ ჯდება და არ შეიძლება ამას რაიმე შეფასება მიეცეს, გარდა ნეგატიურისა.
ეს არის მოცემულობა, რომლის ფორმატშიც კიდევ ჩვენკენ იშვერენ ხელს და ამბობენ, რომ თურმე თმენის ვალდებულება არსებობს ასეთ სიტუაციებშიც კი. იმ თმენის ვალდებულებას აქვს თავისი საზღვრები და როდესაც კონკრეტული ადამიანები აბსოლუტურად ამორალური ქცევით გამოირჩევიან და ცდილობენ, რომ ყველაზე წარმოუდგენელი ფორმით ღირსებისა და პატივის წინააღმდეგ იმოქმედონ, აქ თმენის ვალდებულება ვერასდროს და ვერანაირად იქნება.
აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირებაც იქნება და ზოგადად რომ ვთქვათ ეს ყველანაირად არის ევროპულისგან შორს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არსებობს ევროკავშირის სპეციალური რეზოლუცია, სადაც სწორედ ასეთ საკითხებზე სხვადასხვა სახის პასუხისმგებლობაც კი არის დაწესებული. მსგავსი ქმედებები ქართული საზოგადოების, თუნდაც იმ მცირე ნაწილის კონტექსტშიც, რომელმაც ეს იკადრა, კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ეს ადამიანები ყველანაირ ამორალურ საქციელზე მზად არიან და შემდგომში კიდევ აქეთ ხელს იშვერენ საზოგადოების იმ ნაწილისკენ, რომელიც მართლმსაჯულებას ახორციელებს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომლის მიმართაც უნდა იყოს უდიდესი პატივისცემა.
ფაქტი არის, რომ ეს ადამიანები მიდიან ყველაფერზე და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით პოლიციის ჩართულობა მათ კომპეტენციიდან გამომდინარე საჭირო გახდა. რა თქმა უნდა, ასეთი ქმედებები ვერ იქნება წახალისებული, პირიქით, ყველა ასეთ ქმედებაზე იქნება სახელმწიფოს მხრიდან კანონის ფარგლებში არსებული საშუალებებით რეაგირება.
მოცემულმა სიტუაციამ კიდევ ერთხელ გააჩინა საფიქრალი იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე დამატებითი ზომები ხომ არ არის საჭირო გატარდეს იმისთვის, პრევენციულად, რომ მსგავსი ქმედებები, რომელიც სცდება ყველანაირ მორალურობისა თუ იმ განსაკუთრებული ურთიერთობების ტრადიციას, რომელიც ქართული გენისთვის არის დამახასიათებელი და რომელიც ჩვენს იდენტობას და სახელმწიფოებრიობას გამოარჩევს. ამ კონტექსტში, როდესაც ადამიანებს უქმნიან საფრთხეს და ამას არქმევენ გამოხატვის თავისუფლებას, ეს, რა თქმა უნდა, შეუთავსებელია ერთმანეთთან და ვფიქრობ, რომ შეიძლება ამ საკითხს დამატებითი საკანონმდებლო რეგულაციებიც კი დასჭირდეს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.