დავით ქართველიშვილი: ახლა ჩვენთვის საინტერესოა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან ვინ იქნება დანიშნული ელჩად საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში სახელმწიფო დეპარტამენტის კურატორად
„ეს ჩვენი „პეროვნებები“ რატომ ხარობენ, იცით? ჰგონიათ, რომ ტრამპი საქართველოს გარდა, სხვა ყველა ქვეყანაში თავის დღის წესრიგს დაამყარებს,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში განსაკუთრებით ელიან ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნება დანიშნული საქართველოში ამერიკის ელჩად და სამხრეთ კავკასიაში სახელმწიფო დეპარტამენტის კურატორად.
„დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანია შემდეგი განცხადებით დაიწყო – მე ამერიკა კვლავ უნდა გავხადო დიადი. ეს განცხადება კი ბევრ რამეზე მიანიშნებს. 2026 წელს ამერიკას, როგორც სახელმწიფოს, 250 წელი უსრულდება. ჩემი აზრით, 4 ივლისს ამერიკაში იქნება გრანდიოზული, აქამდე არნახული დღესასწაული.
ამერიკის სახელმწიფოებრიობის 200 წლისთავი 1976 წელს აღინიშნა. მაშინ ამერიკას ჰყავდა ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მმართველი – ჯერალდ ფორდი. მან რიჩარდ ნიქსონისგან უმძიმესი შთამომავლობა მიიღო, რის გამოც წარმატებას ვერ მიაღწია. სწორედ ასეთი უმძიმესი შთამომავლობა ერგო წილად დონალდ ტრამპს ბაიდენისგან. თუმცა ტრამპი ყველაფერს დაძლევს, ეს მისი პრინციპის საკითხია. დავესესხები დავით მაღრაძეს – ეს ჩვენი „პეროვნებები“ რატომ ხარობენ, იცით? მათ ჰგონიათ, რომ ტრამპი საქართველოს გარდა, სხვა ყველა ქვეყანაში თავის დღის წესრიგს დაამყარებს. საქართველოს ეგზარქოსი და პრეზიდენტი მაინც ჯო უილსონი იქნება, შიდა მოხმარების პრეზიდენტი კი სალომე ნავანელი, ანუ ჩვენი ზურაბიშვილი. ამაში 100%-ით დარწმუნებულები არიან. ის, რითაც მეთიუ მილერებმა ტვინი წაგვიღეს ყოველდღე – გააუქმე ის, შეცვალე ეს, დანიშნე ის და ა.შ., უნდა ჩაბარდეს წარსულს.
ჩვენ ყველანი ველოდებით არა მხოლოდ 20 იანვარს. ჩვენთვის საინტერესოა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან ვინ იქნება დანიშნული ელჩად საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში სახელმწიფო დეპარტამენტის კურატორად. მასთან უნდა დავამყაროთ ძალიან კარგი, თბილი, ტრადიციული, კონსერვატიული ურთიერთობები. ისეთი, როგორც ტრამპს და მის გუნდს გაუხარდება. მე ამაში დარწმუნებული ვარ,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.