ლაშა გეგეჭკორი: ვინც იტყვის, რომ პოლიციელზე ხელის გარტყმა ჟურნალისტური საქმიანობაა – პირველმა იმან მესროლოს კალამი!..
„შეეძლო მოსამართლეს, გაეთვალისწინებინა „ადამიანური ფაქტორი“, დათანხმებოდა გირაოს და ჟურნალისტი პირობით გამოეშვა გამოძიების დასრულებამდე? ჩემი აზრით, არა“, – ასე ეხმიანება ლაშა გეგეჭკორი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელ მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას.
„ორი დღის წინ დავწერე, რომ ოპოზიციის მიერ მუქარით მოცემული ვადა ისევ მათთვის იწურება.
ადმინისტრაციული წესით ორი საათით დაკავებული მზია ამაღლობელი გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში თავს დაესხა პოლიციელს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის ბრალით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
მოსამართლემ არ გაითვალისწინა ადვოკატის მიერ შეთავაზებული 100 000-ლარიანი გირაო და ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.
შეეძლო მოსამართლეს, გაეთვალისწინებინა „ადამიანური ფაქტორი“, დათანხმებოდა გირაოს და ჟურნალისტი პირობით გამოეშვა გამოძიების დასრულებამდე?
ჩემი აზრით, არა. რატომ?
ის ხომ „ადამიანი“ არ არის… მას არ ეძახდნენ ორი დღის წინ -მონას, არაადამიანს, მოღალატეს და რუსს? მას არ აგინებდნენ დედას?!
მის თეფშზე, კერძში არ უპირებდნენ ჩაფურთხებას??? ამის შემდეგ რა ნამუსით ითხოვთ მისგან ადამიანობას…
არ ეკუთვნოდა, ისე გაუშვა წინასწარში? გაასაჩივრე ზემდგომ ინსტანციაში და სპეკულაციებს – „რეჟიმი ჟურნალისტებს იჭერს“ მოეშვით!
ეს, გეგმის ნაწილია – პროტესტის მუხტი დაეცა.
ისევე, როგორც ემირატებში დაგეგმილი პროვოკაცია.
არაფერი არ გამოუვათ, მატარებელი გავიდა.
ჟურნალისტობა ინდულგენცია არ არის.
კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს.
კი ბატონო, კანონით დასჯადია ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლა და ვინც იტყვის, რომ პოლიციელზე ხელის გარტყმა, ჟურნალისტური საქმიანობაა – პირველმა იმან მესროლოს კალამი.
„non rex est lex. sed lex est Rex“ – „მეფე არ არის კანონი. ეს, კანონია მეფე!“ – წერს ლაშა გეგეჭკორი.