გიორგი ვოლსკი: ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური ძალები საერთაშორისო აქტორებს უგზავნიან წერილებს, რომ აქ ყველაფერი ცუდად არის, ყველაფერი ინგრევა
“ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური ძალები საერთაშორისო აქტორებს თუ საერთაშორისო პლატფორმებზე, კონკრეტულ ქვეყნებს უგზავნიან წერილებს, რომ აქ ყველაფერი ცუდად არის, ყველაფერი ინგრევა, ლამის აქ უკვე ჩელიაბინსკი გაიხსნა, ყველაფერი არის რუსული, კატას „კოშკა“ ჰქვია და ა.შ”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ PACE-ს თანამომხსენებლების ვიზიტთან დაკავშირებით.
გიორგი ვოლსკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ცვლილებები დაიწყო, ჯერ კიდევ არის კონიუნქტურა შემორჩენილი, რომელიც არაფერ კარგს არ უქადის არა მხოლოდ საქართველოს.
„არ ვაჭარბებ, რეალურად ასეთი შინაარსის წერილები მიდიოდა და ამ შემთხვევაში თუ ამას ყველაფერს მხარს უჭერს კიდევ გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფი, როგორიც არის სახალხო პარტია, სოციალისტებიც არ ჩამორჩებიან. ევროპარლამენტი სხვა არის, ევროსაბჭო სხვა არის, გასაგებია, მაგრამ რეალურად წარმომადგენლობა ხომ არის იმ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლობა, რომლებიც დღესდღეობით ევროპაში განაგებენ პროცესებს.
მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ცვლილებები დაიწყო, ჯერ კიდევ არის კონიუნქტურა შემორჩენილი, რომელიც არაფერ კარგს არ უქადის არა მხოლოდ საქართველოს. აგერ, ახლა თქვენ სამაუწყებლო საშუალებაში მოვისმინეთ რა განცხადებები კეთდება გერმანიის მიმართ, რუმინეთის მიმართ. რა პროცესები მიდის ავსტრიაში, თუნდაც საფრანგეთში. იცვლება სიტუაცია და ამ ცვლილებების პერიოდში, რასაკვირველია, ეცდებიან გავლენების შენარჩუნებას გარკვეული პოლიტიკური ძალები. ამ შემთხვევაში ჩვენი პოლიტიკური სეგმენტი, თუ ამას პოლიტიკური შეიძლება ეწოდოს, არის ერთ-ერთი მექანიზმი მათ ხელში, რომ როგორმე ამ მანიპულირებით მოახერხონ, შეინარჩუნონ გარკვეულ სივრცეზე გავლენა. სამხრეთ კავკასია ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია ამისათვის. რასაკვირველია, ყველაფერს, რასაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, უნდა ვიხილავდეთ არა როგორც კონკრეტული მოვლენის, რაც არის არჩევნები და საგარეო კურსი, საქართველოში მიმდინარე მოვლენების რაკურსით, არამედ, იმ რაკურსით, რასაც ჰქვია ფართო რეგიონული თუ საერთაშორისო მდგომარეობა“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.