აზერბაიჯანელი ძიუდოისტის მურად ფატიევის (-90 კგ.) ოცნება ოლიმპიადის ფინალში ლაშა ბექაურის დამარცხებაა. ამის შესახებ ღიად 25 წლის ძიუდოისტმა ადგილობრივ Azerisport-თან ინტერვიუში ისაუბრა.
23 წლის ქართველი ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი აზერბაიჯანელ ძიუდოისტს კარიერაში აქამდე ორჯერ შეხვდა და ორივეჯერ დამაჯერებლად მოუგო. ორივე დაპირისპირება 2023 წელს შედგა – ჯერ აგვისტოში ბუქარესტის მასტერსზე, შემდეგ კი ნოემბერში კონტინენტის პირველობაზე მონპელიეში. ბექაურმა ორივე ჯერზე იპონით იმარჯვა.
“რევანშის აღება ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურთან მსურს. მან ორჯერ მაჯობა. ძალიან შეუპოვარი, უხერხული მეტოქეა. ძალიან მინდა მასთან კიდევ ერთხელ შეხვედრა და გამარჯვება”.
ცნობისთვის, მურად ფატიევის კარიერაში ყველაზე დიდი მიღწევა ბაქოს წლევანდელ გრანდ სლემზე გამარჯვებაა.