საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამტრედიაში ტრადიციულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც რამდენიმე ოჯახს ბინები გადაეცა.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საქველმოქმედო ღონისძიებისა და იმ ტრადიციის მნიშვნელობაზე, რომელსაც საფუძველი თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჩაუყარა და ოჯახებს ბინების მიღება მიულოცა.
„წლების წინ ძალიან მნიშვნელოვან ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი კახი კალაძემ სამტრედიაში. 2016 წლიდან ყოველ წელს, ამ დღეს სამტრედიაში ვარ, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა და ეს ტრადიცია არც წელს დავარღვიე. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი საქველმოქმედო ღონისძიების განხორციელებას ემთხვევა ხოლმე და დღესაც რამდენიმე ოჯახს გადაეცა ბინები. მინდა, თითოეულ მათგანს მივულოცო ეს არაჩვეულებრივი საჩუქარი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
კახა კალაძემ სახლის გასაღები გადასცა მარტოხელა მამას, გოჩა ადეიშვილს, რომელიც სამ შვილს ზრდის და ამ დრომდე საცხოვრებელი არ ჰქონდა. ღონისძიებაზე კომპანია „არქისგან“ და ერთ-ერთი ბიზნესმენისგან საცხოვრებელი სახლები საჩუქრად კიდევ ორმა ოჯახმა მიიღო.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.