ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება კომუნალური მომსახურების რეგულირების შესახებ“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში სლოვაკეთის, ჩეხეთისა და პოლონეთის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ტრენინგები ჩაატარეს ენერგეტიკის სექტორის ტრანსფორმაციის, Sandbox-ის რეგულირების, დეკარბონიზაციის, ენერგიის დამგროვებლების რეგულირების, საბოლოო მომხმარებლის ტარიფების განსაზღვრის, მარეგულირებელი ორგანოების როლისა და დანახარჯების ამსახველი ფასწარმოქმნის, ბუნებრივი გაზის ბაზრის ლიბერალიზაციისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული წყალმომარაგების კომპანიების სატარიფო რეგულირების პოლიტიკის შესახებ.
2024 წლის თებერვლიდან, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ხორციელდება პროექტი სახელწოდებით: „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება კომუნალური მომსახურების რეგულირების შესახებ“. პროექტის პარტნიორები არიან: სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრი (RC SFPA) (სლოვაკეთი), კარლის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ცენტრი (ჩეხეთი), ფონდი “პარტნიორები კლიმატისთვის” (P4C) (პოლონეთი). პროექტის მიზანია პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის კომუნალური მომსახურების რეგულირების საკითხებში. მარეგულირებელი ბაზის შესწავლა, ანალიზი და მიღებული შედეგების საფუძველზე, ვიშეგრადის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, პროექტის ადგილობრივი მონაწილეების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში შექმნილია სპეციალური ვებ-გვერდი www.v4share.com