დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილის მომავალზე: კომპიუტერული თამაში „ვირტუალური საქართველო“ ამასობაში თავის გარდაუვალ game over-ს უახლოვდება…
რა როლს აძლევს დასავლეთი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და რა ფუნქციის შესრულება მოუწევს მას, ამაზე „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ზურაბიშვილს, როგორც დასავლეთის აგენტს, წილად ხვდა, შეასრულოს სვეტლანა ტიხანოვსკაიას (ბელორუსი ოპოზიციონერი, რომელიც დასავლეთმა ქვეყნის პრეზიდენტად აღიარა) როლი.
რაც მთავარია, როგორც ქართველიშვილი წერს, ზურაბიშვილს არც არავინ ეკითხება რა უნდა აკეთოს, მას დავალებას აძლევენ და როგორც უუფლებო აგენტმა, ეს მითითებები უნდა შეასრულოს. უახლესი დავალება კი, ექსპერტის აზრით, იქნება ექს-პრეზიდენტისათვის „ოფიციალური“ ვიზიტების გამართვა.
„აღარც ეკითხებიან – ასეთია აგენტის ხვედრი. ყველანაირად უბიძგებენ მოქალაქე სალომე ზურაბიშვილს – სვეტლანა ტიხანოვსკაიას რელსებზე დადგეს. რომც არ უნდოდეს, მაინც. ეს გზა ხომ გაწერილია ლიბერო-ფაშისტურ სახელმძღვანელოებში – რა უფლება აქვთ აგენტებს, საკუთარი ნებით იხელმძღვანელონ. ბავშვობის ზღაპრებიდან გვახსოვს სიტუაციები, როდესაც ესა თუ ის გმირი ეშმაკს საკუთარ სულს მიჰყიდის, რაღაც საეჭვო პრეფერენციების სანაცვლოდ. ლიბერო-ფაშისტურ პოლიტიკაში – აგენტებს საკუთარ ნებას ართმევენ.
ზურაბიშვილის, როგორც აგენტის ბედი იმდენად სამარცხვინოა, რომ ტიხანოვსკაიას გზაზე მას არა აგენტოკრატების ცენტრალური ოფისებიდან, არამედ „დემოკრატიის სარტყლიდან” – ლატვიელი და ლიეტუველი რეზიდენტურებიდან აყენებენ. სალომე ხომ „ჭ“ კატეგორიის აგენტია, ამიტომ იმას, თუ როგორ მოიქცეს, მას რიგიდან ვინმე რიჰარდ კოლსი და ვილნიუსიდან რასა იუკნავიჩიენე კარნახობენ. ისინი „ცივილიზებულ“ დასავლურ თანამეგობრობას მოუწოდებენ ერთადერთ “„ლეგიტიმურ” ქართველ პოლიტიკოსად „პრეზიდენტი“ სალომე ზურაბიშვილი მიიჩნიონ.
ზუსტად ისევე მიიჩნიონ, რა სტატუსითაც სარგებლობს ლიეტუვაში, იუკნავიჩიენეს მეზობლად მცხოვრები ბელარუსის „ლეგიტიმური პრეზიდენტი“ სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელიც ამ დღეებში „ოფიციალური ვიზიტით“ პოლონეთს სტუმრობდა და ქვეყნის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან ერთად იანვრის ბოლოს მინსკში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საკუთარ მზადებას განიხილავდა. მსგავსი ლეგიტიმაცია დღეს ჩვენს ვადაგასულ ქალბატონსაც მოუძებნეს, ასე რომ მისი „ოფიციალური“ ვიზიტების ცვენა გველის წინ. კომპიუტერული თამაში „ვირტუალური საქართველო“ კი, ამასობაში თავის გარდაუვალ game over-ს უახლოვდება…“ – წერს დავით ქართველიშვილი.