ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონის მეორე ნაწილში აშკარად მოუმატა და როგორც გასულ წელს, ამჯერადაც ნაპოლის ლიდერად იქცა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გოლების გატანაც დაიწყო და პრესაში მისი იტალიური გუნდიდან გადაბარგების შესახებ საუბარი აქტიურად დაიწყო.
უკვე დიდი ხანია მედიაში იწერება ინგლისური კლუბების მხრიდან ინტერესზე და ამ სიაში პრემიერლიგის არაერთი გრანდია. ცოტა ხნის წინ HITC Football-ის რეპორტიორმა, გრემ ბეილიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბარსელონასა და ნაპოლის შორის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას, რომელიც “ესტადიო მონტჟუიკზე” გაიმართა, მანჩესტერ სიტის სკაუტი სწორედ კვარაცხელიაზე დასაკვირვებლად ესწრებოდა და “ქალაქელები” ხვიჩათი აღფრთოვანებულები არიან.
HITC Football-ის ცნობით, მიუხედავად ბევრი შეთავაზებისა, ნაპოლი კვარაცხელიას შესანარჩუნებლად იბრძოლებს. როგორც ცნობილია, იტალიელები ზაფხულში, სავარაუდოდ, ვიქტორ ოსიმენს გაუშვებენ და შესაბამისად, არ სურთ ორივე ვარსკვლავის დაკარგვა.
ინგლისური გამოცემა ასევე წერს, რომ ქართველი ფეხბურთელის გაფორმებაზე ლივერპულსა და ნიუკასლშიც ფიქრობენ და ამ მხრივ სიტის სერიოზული კონკურენტები ჰყავს. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ, დიდი ალბათობით, მოჰამედ სალაჰი მერსისაიდულ კლუბს ზაფხულში დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. ნაპოლის ქართველი შემტევის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 36 მატჩში 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
Manchester City admiration of Khvicha Kvaratskhelia remain and they watched the Napoli winger during Tuesday’s 3-1 defeat to Barcelona in the UEFA Champions League last-16.@HITCfootball with @dantowen8195 https://t.co/OBZfiGTsZ7
— Graeme Bailey (@GraemeBailey) March 13, 2024