leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით მათიკაშვილი: უნდათ, რომ ქვეყანაში ლეგიტიმური არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადონ და ამ ფორმით სურთ, რომ მილიონ ასოცი ათასი ადამიანის ნება-სურვილი მოისროლონ სანაგვეზე

“ყველაფერი დევს ხელისგულზე. იმდენად აშკარაა ფაქტების, რომელიც გამოძიების წიაღშია, ალბათ ზედმეტი კითხვა ობიექტურ შემფასებელს არ უნდა გაუჩნდეს თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ ობიექტურ შემფასებლებზე და არა რადიკალ ოპოზიციაზე, ვისი დღის წესრიგიც არის დაცლილი ყოველგვარი საფუძვლიანი, არგუმენტირებული მსჯელობისგან”, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა, „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე პროკურატურის შუალედურ დასკვნასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ოპოზიცია პროკურატურის შუალედურ დასკვნას უნდობლობას უცხადებს არახალია.

„მათი მიზანი ხელისუფლებაში მოსვლაა ნებისმიერი გზით და მეთოდით. მათ არ აინტერესებთ ფაქტები, მათ არ აინტერესებთ უცხოელი ექსპერტების შეფასებები. კარგად იცის საზოგადოებამ, რომ პროკურატურა ამ შუალედურ დასკვნაში დიდწილად სწორედ უცხოელ ექსპერტთა შესაბამის დასკვნებს დაეყრდნო და შავით თეთრზე ცალსახად იქნა წარმოდგენილი ისეთი უტყუარი ფაქტები და გარემოებები, რომლის შეფასებაც და ანალიზის გაკეთებაც არის უმარტივესი თუ კი სურვილი გაქვს, რომ სიმართლე დაინახო“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან ვერც ერთი მტკიცებულება ვერ იქნა წარდგენილი პროკურატურაში, რომელიც მათ მიერ გამოთქმულ ბრალდებებს დაადასტურებდა.

„ჩვენ ახლა ვართ რა მოცემულობის წინაშე, რომ რეალურად არც ერთი მტკიცებულება არ არის არჩევნების გაყალბების. არის უამრავი მტკიცებულება იმის, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ, რომ არჩევნები ჩატარდა მაღალი სტანდარტით, არ მომხდარა არც ერთი ფაქტი, რომელიც არჩევნების შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა და აღნიშნა, რომ ამას ადასტურებს ეუთო/ოდირის დასკვნაც.

დავით მათიკაშვილის თქმით, ქართველი ამომრჩევლის გადაწყვეტილებაა, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და არ მოხდეს საქართველოს უკრაინიზაცია ამიტომ მიანიჭა მანდატი ქართველმა ხალმა „ქართულ ოცნებას“.

„მათი [ოპოზიცია] მიზანი არ არის არც ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია, მათი მიზანი არ არის არც საქართველოს გამთლიანება და ეკონომიკური წარმატება. მათი მიზანი არის ხელისუფლებაში მოსვლა და იმ დავალებების შესრულება, რომელსაც აგენტურული ქსელი უცხოეთიდან მიიღებს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დავით მათიკაშვილმა გაიხსენა ის პერიოდიც, როდესაც ნიკა გვარამია და სხვა ოპოზიციონერი ლიდერები წინასაარჩევნოდ აცხადებდნენ, რომ არჩევნები ელექტრონული ფორმით ტარდება და მისი გაყალბება შეუძლებელია. მისი თქმით, ახლა რადიკალები სპეკულირებენ თემით, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის მათივე განცხადებებთან.

„ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ. უნდათ, რომ ქვეყანაში ლეგიტიმური არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადონ. კანონიერება უკანონოდ მონათლონ და ამ ფორმით, მათი მხარდამჭერების გვერდში დგომით სურთ, რომ მილიონ ასოცი ათასი ადამიანის ნება-სურვილი მოისროლონ სანაგვეზე. რა თქმა უნდა ამის უფლებას პირველ რიგში საზოგადოება არ მისცემს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ასევე იხილეთ