ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
მის სიმკაცრეზე ლეგენდები დადიოდა, თუ მაღალ ნიშანს დაგიწერდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ძალიან მაგარი იყავი ან ღამეები გქონდა ნათენები, თუ სადმე, შორიახლოს იყო, ყველამ ვიცოდით და უნივერსიტეტში ჰაერის ტალღებს გადავცემდით-მზექალა მოდის, ამ აუდიტორიაში მზექალას ლექცია აქვს… დღეს კი ასე, მზისფერ პერანგში გამოწყობილი, გიშრის მძივით დაგვხვდა – მზექალა შანიძე მუშაობდა, სტატიას ამზადებდა გერმანიაში გადასაგზავნად., ცოტა ხნით მოვაცდინეთ, – დასანანია, კარგი ქართული სიტყვები იკარგებაო – სარკმელი, ბადალი რამდენი ხანია არ გაგვიგონიაო, პროტექციონიზმს რომ მოთავისობა ჰქვია, ეს სულაც პირველად მისგან გავიგე, არადა, როგორ მომეწონა მოთავისობა… როცა ყველა მხრიდან გვესმის სიტყვა სენსიტიური მგრძნობიარეს ნაცვლად, გვესმის, გვესმის და მერე ყური ეჩვევა, ბევრი კარგი ქართული სიტყვაა გასაცოცხლებელი და ეს უნდა გვინდოდესო!
– ენა კი არ არის გაღარიბებული – ენა ინარჩუნებს იმას, რაც იყო – მისი მოხმარებაა გაღარიბებული…ენა კი არ გაღარიბდა, ენა გააღარიბეს იმათ, ვინც ეს ენა არ იცის. იმისთვის, რომ ენა იცოდნენ, უნდა იკითხონ ამ ენაზე დაწერილი ლიტერატურა, არამარტო რომანები, არამედ, მეცხრამეტე საუკუნის პუბლიცისტიკა, ასევე, ძველი ქართული ტექსტები. რა თქმა უნდა, ბევრი კითხვა ყველა პრობლემას ვერ გადაწყვეტს, მაგრამ ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია.
მე მგონი, მეტ-ნაკლებად განათლებული ყველა ადამიანი პროგრესის ერთგული უნდა იყოს. სიახლე მოდის ცხოვრებაში და ის აუცილებელია. არ შეიძლება, ადამიანი მარტო წარსულში იყოს. ერთხელ ერთ სამინისტროში ლაპარაკობდნენ ტრადიციების დაცვაზე ისე, რომ მინისტრს ვუთხარი, ასე მგონია, ჩიხტიკოპი მახურავს და ჭრაქით განათებულ ქოხში ვზივარ-მეთქი.
და ძირითადად, პროგრესი ადამიანის სულიერ ცხოვრებაში უნდა იყოს. ჩვენ უნდა დავძლიოთ წარსულის ზედმეტი იდეალიზაცია, წინ გახედვის უუნარობა, უნდა შევიძინოთ შრომის კულტურა. ეს ყველაფერი პროგრესია, აბა, რა არის.
მზექალა შანიძის ბადალი ქართულ მეცნიერებაში ვინღაა?
დღეს ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგი, ქალბატონი მზექალა შანიძე 99 წლისაა!! ვულოცავ!
ფოტო გადაიღო ზაქარია ჭელიძემ.