გურამ მაჭარაშვილი: არანაირი გაყალბება არ ყოფილა არჩევნებზე, ამას კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ბევრი წარმომადგენელი უკვე აღიარებს
„ჯერ მოითხოვეს, რომ გამოძიება დაიწყოსო, დაიწყო პროკურატურამ გამოძიება, მერე არ მიდიოდნენ და ვინც მიდიოდა იქ არაფერს არ ლაპარაკობდა და ვერაფერი ვერ მიჰქონდა. იმიტომ, რომ არ არსებობს გაყალბების არც ერთი მტკიცებულება. არც ფარულობის დარღვევის“, – აღნიშნა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა, რითაც არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე, პროკურატურის გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნასთან დაკავშირებით, რადიკალური ოპოზიციის დიდი ნაწილის განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებმაც ანგარიშს უნდობლობა გამოუცხადეს.
მისი თქმით, იმას რომ არჩევნები არ გაყალბებულა, უკვე ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი აღიარებს.
„ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსპერტების დასკვნების შესაბამისად, უკვე საბოლოოდ წერტილდასმულია და ძახილის ნიშნით არის, რომ არანაირი გაყალბება არ ყოფილა არჩევნებზე. ამას სხვათა შორის უნდა ვთქვათ, რომ კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ბევრი წარმომადგენელი უკვე აღიარებს და ამბობენ, რომ დაანებეთ თავი გაყალბებას, არ გაყალბებულა და მოდი ახლა რევოლუცია გავაგრძელოთო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.