“თუ მაინცდამაინც ვინმემ რამე მექანიზმი უნდა შეიმუშაოს, აგერ არის ჩვენი აკადემიური წრეები, უამრავი იურისტი, უამრავი კეთილსინდისიერი მოსამართლე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ „ქრონიკაში“ “ვეტინგის” სისტემის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, ე.წ. “ვეტინგის” სისტემა არის ცხვრის ტყავში გახვეული მგლის კონცეფცია.
„ჩვენს წინაშე დგას ამოცანა – ქვეყანა სახელწოდებით საქართველო, სტატუსით – დამოუკიდებელი შევინარჩუნოთ და ვმართოთ ჩვენი სუვერენული ინტერესების შესაბამისად. არ მივცეთ საშუალება გარე ძალებს და შიდა „მეხუთე კოლონას“ ხელში ჩაიგდოს უმნიშვნელოვანესი სახელისუფლებო შტო, რომელსაც ჰქვია სასამართლო ხელისუფლება. ეს შემოგდებული ტერმინი (ვეტინგი), რომლის გამეორებაც არ მინდა, არის უბრალოდ კეთილშობილი სარჩული თითქოს ამ სიტყვის მიღმა იმალებოდეს კეთილი განზრახვა. ეს არის ცხვრის ტყავში გახვეული მგლის კონცეფცია. ამ ტერმინის ნაცვლად ამას დავარქმევდი ადეიშვილიზმს. მოდით, როგორც ამოწმებენ ახლა უკრაინაში კეთილსინდისიერებას ადეიშვილის მოადგილეები, ასე მოვიქცეთ? არ გამოვა ეს საქმე.
თუ მაინცდამაინც ვინმემ რამე მექანიზმი უნდა შეიმუშაოს, აგერ არის ჩვენი აკადემიური წრეები, უამრავი იურისტი, უამრავი კეთილსინდისიერი მოსამართლე. ძვირფასო თანამემამულენო, „გამჭვირვალობა საქართველოს“ აქვს 8 მილიონი დახარჯული, რომლის გამომზეურებაზე – რაში რა დახარჯა, არანაირად არ არის ყაბულს. მეტი საქმე არ გვაქვს „გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელში ჩავაგდოთ სასამართლო კორპუსი“, – აღნიშნა ოდიშარიამ.