არმან ცარუკიანი ისლამ მახაჩევთან საჩემპიონო ბრძოლას ზურგის ტრავმის გამო ჩაეხსნა, მას რენატო მოიკანო შეცვლის
UFC 311-ის მთავარი ბრძოლის მონაწილე შეიცვალა. სომეხი არმან ცარუკიანის ნაცვლად მსუბუქი წონის ტიტულისთვის მოქმედ ჩემპიონს, ისლამ მახაჩევს რენატო მოიკანო დაუპირისპირდება.
ორგანიზაციის პრეზიდენტის, დანა უაითის თქმით, 28 წლის ცარუკიანმა მას დაურეკა და აცნობა, რომ ბრძოლას ზურგის ტრავმის გამო ვერ შეძლებდა.
უაითმა აღნიშნა, რომ ისლამ მახაჩევი ნებისმიერ მეტოქესთან საბრძოლველად მზად იყო და ორგანიზაციამ მას მოწინააღმდეგედ ბრაზილიელი რენატო მოიკანო შეურჩია.
35 წლის მოიკანო UFC 311-ზე მსუბუქ წონაში ბენიილ დარიუშს უნდა შეხვედროდა. ბოლო ინფორმაციით, დარიუში მოახლოებულ ღონისძიებაში მონაწილეობას არ მიიღებს.
დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი, რუსეთის სახელით გამომსვლელი 33 წლის ისლამ მახაჩევი ბრძოლას 26 გამარჯვებითა და ერთი მარცხით ხვდება, ხოლო მოიკანოს MMA-ში 20 მოგება და 5 მარცხი აქვს, ის ამჟამად დივიზიონის მე-10 ნომერია.
UFC 311 კვირას, 19 იანვარს გაიმართება. ამ ღონისძიებაზე სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი უმარ ნურმაგომედოვს შეხვდება. ქართველმა ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა.