ავსტრიის ბუნდესლიგის 2023/2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა, ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა და ის კლუბში 2027 წლამდე დარჩება – ინფორმაციას ავსტრიული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
2023/24 წლების ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშე „შტურმში“ „დინამო თბილისიდან“ 2018 წელს გადავიდა. ამ პერიოდში საქართველოს ნაკრების 28 წლის ფეხბურთელმა გრაცელთა კლუბის შემადგენლობაში 208 მატჩი ჩაატარა, 47 გოლი გაიტანა და 37 საგოლე გადაცემა მიითვალა.
„ოთარ კიტეიშვილი პროფესიონალიზმით გამორჩეული ფეხბურთელი, ჩვენი გუნდის ხარისხის მაჩვენებელი და ლიდერია როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. მოხარული ვართ, რომ ოთარმა „შტურმთან“ კონტრაქტი კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა და ჩვენთან ერთად შეეცდება დიდი მიზნების მიღწევას. „შტურმისთვის“ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი“, – განაცხადა გუნდის სპორტულმა დირექტორმა, მაიკლ პარენსენმა.
კომენტარი გააკეთა ოთარ კიტეიშვილმაც: „კლუბში 2018 წლიდან ვარ და აქამდე შესანიშნავი დრო გავატარე. „შტურმში“ ყოველთვის დიდი მიზნები მქონდა, ეს არ შეცვლილა, ამიტომ ვამაყობ და ბედნიერი ვარ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებით. ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ „შტურმის“ წარმატებული სვლის გასაგრძელებლად“.