leaderboard_below_slide
left_sabechdi

ამირან სალუქვაძე: საინტერესო ფაქტები აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის შესახებ

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის შესახებ საინტერესო ფაქტებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„საინტერესო ფაქტები აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის შესახებ

▪️წელს ტრამპის ინაუგურაციის საორგანიზაციო კომიტეტმა 250 ათასი ბილეთი გაყიდა.

▪️წლევანდელ ინაუგურაციაზე კომიტეტმა რეკორდული 170 მლნ დოლარი გამოიმუშავა. ვარაუდობენ, რომ თანხა 200 მილიონს მიაღწევს.

▪️წინა რეკორდიც ტრამპს ეკუთვნის – 90 მლნ დოლარი პირველი პრეზიდენტობისას. ზოგ წყაროში სახელდება 62 მლნ.

▪️2025 წლის ინაუგურაციაზე საორგანიზაციო კომიტეტმა 5 ტიპის ბილეთები გაყიდა, რომელთა ღირებულებები ასე განისაზღვრა: 50 ათასი, 100 ათასი, 250 ათასი, 500 ათასი და 1 მლნ დოლარი.

▪️ტრამპთან ან ვენსთან მოკლე საუბრის შესაძლებლობა მსურველებს სულ მცირე 1 მლნ დოლარი დაუჯდება. პირველი პრეზიდენტობისას ასეთი გასაუბრება 500 ათასი დაუჯდებოდათ.

▪️ინაუგურაცია, მეორედ ისტორიაში, დახურულ სივრცეში ჩატარდება. პირველად დახურულ სივრცეში რონალდ რეიგანის მეორე ინაუგურაცია ჩატარდა. მაშინაც ამინდის, კერძოდ ყინვის გამო.

▪️ინაუგურაციაზე ცალკე ადგილი ექნებათ გამოყოფილი „X“-ის, „ამაზონის“ და „მეტას“ მფლობელებს.

▪️უსაფრთხოების სამსახურმა 48 კმ სიგრძის ღობე ააგოო, მედია წერს (ძალიან დიდ ციფრად მეჩვენება). წესრიგს კი 7500 გვარდიელი და 25 ათასი პოლიციელი დაიცავს.

▪️პირველად ბოლო 150 წლის მანძილზე ინაუგურაციას უცხო ქვეყნების რამდენიმე ლიდერი დაესწრება. ტრამპმა მიიწვია ჩინეთის, არგენტინის, იტალიის, სალვადორის და ეკვადორის ლიდერები. ტრამპმა ასევე მიიწვია პოლონეთის და ბრაზილიის ყოფილი ლიდერები და რამდენიმე მემარჯვენე ევროპელი პოლიტიკოსი.

▪️2017 წელს 1 მილიონად შეიძენდით 8 ბილეთს, რომელშიც შედიოდა ვახშამი პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტთან, პირველი ლედის მიღება, კონცერტი ფოეიერვერკებით, ინაუგურაციის ცერემონია და ბალი. 25 ათასად შეიძენდით 2 ბილეთს, რომელიც იმავე ღონისძიებებს შეიცავდა პრეზიდენტთან (ვიცე-პრეზიდენტთან) სანთლებით ვახშმის და პირველი ლედის მიღების გარდა.

▪️გალიორკიდან საცქერი ბილეთების ფასები, თუ ზოგიერთ მედიას დავეყრდნობით, 400 დოლარიდან იწყება. სააკაშვილის ფოტო ვისაც გახსოვთ, ღობის მიღმა იდგა და ალბათ ფული არ გადაუხდია.

▪️1789 წელს ვაშინგტონმა ფიცი მასონური ლოჟის ბიბლიაზე დადო. ლინკოლნმა და ობამამ ერთი და იგივე ბიბლია გამოიყენეს. ადამსს და რუზველტს ბიბლია საერთოდ არ გამოუყენებიათ.

▪️ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც ფიცი 4-ჯერ დადო, რუზველტი იყო.

▪️ყველაზე მოკლე (135) სიტყვა ვაშინგტონმა წარმოსთქვა, ყველაზე გრძელი (8 ათასი) – ჰენრი ჰარისონმა.

▪️ერთადერთი შემთხვევა, როცა ამერიკის პრეზიდენტმა ფიცი თვითმფრინავში დადო, 1963 წელს, კენედის მკვლელობის შემდეგ მოხდა. მკვლელობიდან რამდენიმე საათში ლინდონ ჯონსონმა თვითმფრინავში ფიცის ტექსტი წაიკითხა.

▪️როგორც ABC News წერს, ათასობით ადამიანი, რომლებიც ინაუგურაციის სანახავად ვაშინგტონში ჩავიდნენ, ცერემონიის ნახვას დახურული მოედნებიდან შეძლებენ. ცერემონიის დროს კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე ყოფნას მხოლოდ ის პირები შეძლებენ, რომლებმაც ბილეთები პრეზიდენტის პლატფორმაზე შეიძინეს. სხვა ზონები დახურული იქნება.

▪️ინაუგურაციაზე დასასწრები ბილეთები Ebay-ზე და სხვა პლატფორმებზეც იყიდებოდა.

▪️მოკლედ, აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაცია დიდი შოუ და შემოსავლების წყაროა. ყველაფერი იყიდება, ხელის ჩამორთმევიდან და ფოტოს გადაღებიდან დაწყებული, მიღებაზე დასწრებით დამთავრებული.

ინფორმაციები სხვადასხვა სააგენტოების სტატიებიდანაა შეგროვებული“, – წერს ამირან სალუქვაძე.

ასევე იხილეთ