გიორგი კალანდარიშვილი: პროკურატურამ, ამ ეტაპზე ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, სრულად გასცა კითხვებს პასუხი
“რამდენიმე დღის წინ ვნახეთ პროკურატურის შუალედური ანგარიში, რომლიდანაც ცალსახად იკითხება, რომ არანაირ გადაცდომას, არანაირ მანიპულაციასა თუ გაყალბებას არჩევნებში ადგილი არ ჰქონია”, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა „დღის ქრონიკაში“.
„ჩვენ ვიყავით ის უწყება, რომელმაც მივმართეთ პროკურატურას იმ მიზნით, რომ გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, შესაძლო მანიპულაციასა და გაყალბებასთან მიმართებაში საზოგადოებას ჰქონოდა ობიექტური, ჭეშმარიტი პასუხები. ასევე, რა თქმა უნდა, გადაცდომის არსებობის შემთხვევაში, შესაბამის ორგანოებს ჰქონოდათ სათანადო რეაგირება.
პროკურატურამ მის მიერ, ამ ეტაპზე ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, სრულად გასცა კითხვებს პასუხი იმ უსაფუძვლო ბრალდებებთან მიმართებაში, რომელზეც ჩვენვე ვამბობდით, რომ ისინი იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო და არ ეფუძნებოდა არანაირ მტკიცებულებას“, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია 15 იანვარს გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მოწმეთა უმეტესობამ გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი მტკიცებულება, ცალკეულმა მოწმეებმა კი განაცხადეს, რომ არჩევნების გაყალბებაზე მათი განცხადებები ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას.