leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი კალანდარიშვილი: თითქმის სამი თვე გავიდა არჩევნების დღიდან, დღევანდელ დღემდე მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებები გვესმის

“თითქმის სამი თვე გავიდა არჩევნების დღიდან, დღევანდელ დღემდე მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებები გვესმის მაშინ, როდესაც ლოგიკური ფორმულა არის ის, რომ ჯერ გაქვს რაღაც მტკიცებულება ან ფაქტი, შემდეგ ამ ფაქტიდან, მტკიცებულებიდან რაღაც შეფასებას, ანალიზს აკეთებ და შემდგომ ასკვნი, რომ რაღაც ისე მოხდა, ან ასე მოხდა, რაღაც გაყალბდა ან არ გაყალბდა”, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში” ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში ჩვენ პირიქით გვქონდა ყველაფერი.

„ვისმენდით, რომ თითქოს გაყალბდა არჩევნები და ეს სამი თვეა, სხვადასხვა ბრალმდებელი მხარეები, ანუ ის ჩართული მხარეები, რომლებიც ფიქრობენ მიზანმიმართულად, პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე თუ სხვადასხვა მოტივებიდან გამომდინარე, რომ თითქოს სხვა შედეგი დადგა, ძიება იმისა, თუ რატომ გაყალბდა არჩევნები. ამ ფონზე ჩვენ ვისმენთ, რომ არ ენდობიან პროკურატურას, არ ენდობიან საარჩევნო ადმინისტრაციას.

სხვათა შორის, მინდა შევახსენო მაყურებელს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია გახლავთ ის ორგანო, რომელიც ყველა დონეზე არჩევნების დღისთვის შედგებოდა 17 წევრისგან და ამ 17 წევრში 9 იყო პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული, საიდანაც ერთი წარმოადგენდა მმართველ პარტიას, ხოლო დანარჩენი 8 სხვა პოლიტიკურ გაერთიანებას. როდესაც ვსაუბრობთ საუბნო საარჩევნო კომისიებზე, საოლქო საარჩევნო კომისიებზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიებზე, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ მათ შორის მანდ, იყვნენ პოლიტიკური პარტიების საკმაოდ მაღალი წარმომადგენლობა. განსაკუთრებით საუბნო საარჩევნო კომისიებში, სადაც სულ 9 განსხვავებული აზრი დაიწერა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. საუბარია ათი ათასობით ადამიანზე. საერთო ჯამში 54 ათასზე მეტმა საარჩევნო ადმინისტრატორმა გაუწია ამ პროცესს ადმინისტრირება.

შემაჯამებელი ოქმები, ის საჩივრები, რომლებიც კენჭისყრის დღესთან მიმართებაში დაიწერა, იქ არ ყოფილა წუხილები და პრობლემური საკითხები წამოწეული ამ ადამიანების მხრიდან. რას ნიშნავს ეს, რომ როდესაც ვსაუბრობთ, რომ არ ვენდობით საარჩევნო ადმინისტრაციას, ანუ არ ვენდობით კომისიის ჩემივე დანიშნულ წევრებს? ვგულისხმობ 9 პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნულ წევრს“, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია 15 იანვარს გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მოწმეთა უმეტესობამ გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი მტკიცებულება, ცალკეულმა მოწმეებმა კი განაცხადეს, რომ არჩევნების გაყალბებაზე მათი განცხადებები ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას.

 

ასევე იხილეთ