გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ სამხრეთ ლიბანიდან ისრაელის ძალების გაყვანა აუცილებელია. ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ლიბანში ვიზიტის დასასრულს ისაუბრა.
„ახლა აუცილებელია ისრაელის თავდაცვის ძალების გაყვანა ლიბანის ტერიტორიიდან და ლიბანის შეიარაღებული ძალების განლაგება სამხრეთ ნაწილში შეთანხმებულ ვადებში. გარდა ამისა, ლიბანის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს“, – აღნიშნა გუტერეშმა.
ამასთან, ბეირუთში გამართულ პრესკონფერენციაზე ანტონიუ გუტერეშს კითხვა დაუსვეს ღაზაში ზავის შესახებ, რაზეც გაერო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ სიტუაცია ღაზაში კვლავ უკიდურესად რთულია.
„პირველი დღიდან ვითხოვდი ცეცხლის შეწყვეტას ღაზაში, მძევლების უპირობო გათავისუფლებას და ჰუმანიტარული დახმარების ღია წვდომას ღაზის მოსახლეობისთვის. მტკიცედ მჯერა, რომ ხვალ დავიწყებთ ამ სამი მიზნით – აღარ იქნება ბრძოლები, ჰუმანიტარულ დახმარებას ექნება გაადვილებული წვდომა და დაიწყება მძევლების გათავისუფლება. ნათელია, რომ სიტუაცია ღაზაში კვლავ უკიდურესად რთულია და ეფექტური განაწილებისთვის ბევრი სირთულე რჩება“, – დასძინა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.