leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: ხალხს გამოტანილი აქვს განაჩენი 2008 წლის აგვისტოში ჩაიდენილ დანაშაულზე

ხალხს უკვე გამოტანილი აქვს განაჩენი იმ დანაშაულის გამო, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წლის აგვისტოში ჩაიდინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თვითონ მოაწერა ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც შეტანილია უმძიმესი ჩანაწერები. იქ საუბარია იმაზე, რომ სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო სააკაშვილის ხელისუფლებამ, იქ საუბარია იმაზე, რომ შემდეგ რუსეთს ჰქონდა საპასუხო რეაქცია ამასთან დაკავშირებით და ა.შ. ამ ყველაფერს ხელი მოაწერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

 სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მაშინ, სწორედ სააკაშვილმა დაიწყო ომი. ერთადერთი, ვინც ამ თემაზე საერთოდ არ საუბრობს, ეს არის „ქართული ოცნება“. სალომე ზურაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებულები არიან, რომ მაშინ ნაცმოძრაობამ დაიწყო ომი. ეს არის მათი გაცხადებული პოზიცია, ასეთ პირობებში არ ვიცი რა უნდა გამოვიძიოთ, მაგრამ ყველაფერთან დაკავშირებით შეიძლება მსჯელობა, „ხალხის ძალას“ აქვს ეს პოზიცია, თუმცა მე მგონია, რომ ხალხს უკვე გამოტანილი აქვს განაჩენი მათ შორის იმ დანაშაულის გამო, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წლის აგვისტოში ჩაიდინა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 საზოგადოებრივმა მოძრაობა „ხალხის ძალამ“ 13 მარტს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ თუ გლობალური ომის პარტია სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილს შეაწყალებინებს, ეს იქნება ბოლო წვეთი, არჩევნებს აღარ დაელოდებიან და 2008 წლის ომის შესახებ გამოძიების დაწყებას არჩევნებამდე მოითხოვენ.

ასევე იხილეთ