ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს. ზავი ადგილობრივი დროით 11:15 ზე ამოქმედდა. ეს პროცესი თითქმის სამი საათით გადაიდო, რადგან ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში აღნიშნეს, რომ ცეცხლი არ შეწყდებოდა, ვიდრე ისრაელი „ჰამასის“ მიერ გასათავისუფლებელი მძევლების სიას არ მიიღებდა.
„ჰამასმა“ მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში სიის მიწოდების დაგვიანება ტექნიკური მიზეზებით ახსნა. ისრაელის მხარის მიერ გამოქვეყნებული სიის თანახმად, ისრაელელ მძევლებს შორის, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზის ფარგლებში გათავისუფლდებიან, არიან 7 ოქტომბერს აყვანილი ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე ხანდაზმული მძევლები.
შეთანხმების თანახმად, პირველ ეტაპზე „ჰამასის“ მიერ ღაზაში დაკავებულ 33 ისრაელელ მძევალს გაცვლიან ასობით პალესტინელ პატიმარზე. ეს ფაზა ექვს კვირას გაგრძელდება. ისრაელის ძალები ასევე დატოვებენ ღაზის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებს, იძულებით გადაადგილებულ პალესტინელებს მიეცემათ საშუალება, დაიწყონ სახლებში დაბრუნება და ყოველდღიურად ღაზაში ასობით სატვირთო მანქანა შევა ჰუმანიტარული ტვირთის ჩასატანად; მეორე ფაზის ფარგლებში გაიმართება მოლაპარაკებები, რაც უნდა მოიცავდეს დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას, ისრაელის ჯარების ღაზიდან სრულ გაყვანას და „მდგრადი მშვიდობის აღდგენას“. ეს ფაზა დაიწყება მე-16 დღეს; მესამე და საბოლოო ეტაპი მოიცავს ღაზის რეკონსტრუქციას, რაც შეიძლება, წლები გაგრძელდეს, და დარჩენილი მძევლების ცხედრების დაბრუნებას.
ისრაელში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის პირველ დღეს სამი მძევალი გათავისუფლდება, შემდეგი ექვსი კვირის განმავლობაში კი რეგულარული ინტერვალებით გათავისუფლდება მძევლების მცირე ჯგუფები.