„გელათთან დაკავშირებით არავინ არაფერზე არ იხსნის პასუხისმგებლობას – მე პირადად მქონდა აქტიური საუბრები, კონსულტაციები, მათ შორის საპატრიარქოს წარმომადგენლებთან”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე განმარტებით, მთავრობის მხრიდან გამოიყო კონკრეტული თანხები იმისთვის, რომ ტაძარი მაქსიმალურად დაცული იყოს.
„სამუშაოებიც უახლოეს დღეებში დაიწყება. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ტაძარი იყოს დაცული. იმისთვის, რომ იყოს უზრუნველყოფილი ტაძრის გამოშრობა, დაცული იყოს ფრესკები და მთლიანობაში ტაძარი, ყველა შესაბამისი ზომა იქნება მიღებული, საპატრიარქოსთან ერთად. მთავრობისგან იქნება ეს პროცესი მხარდაჭერილი, მათ შორის, პირველ რიგში ფინანსურად და საპატრიარქო უზრუნველყოფს იმ სამუშაოების წარმართვას, რომლის საფუძველზეც მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ეს ჩვენი უძვირფასესი კულტურული მემკვიდრეობა“, – აღნიშნა კობახიძემ.