„ყველაფერი არის ერთ ტვინში დაბადებული იდეა – „როგორ დავაქციო საქართველოს ეკონომიკა, რადგან საქართველოს ეკონომიკა თუ დავაქციე, ეგებ, მომეცეს შესაძლებლობა, რომ ამ ქაოსსა და არეულობაში მე მოვხვდე იმ სკამში, სადაც ახლა არჩევნებით ვერანაირად ვერ მივაღწიე“, – განაცხადა „იმედის კვირასთან“ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ.
მან ისაუბრა რადიკალების მიერ ბიზნესთან დაკავშირებული პეტიციების შექმნისა და იმ ბიზნესების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, რომლებიც პეტიციას ხელს არ აწერენ.
„ერთ-ერთ ჩემს კომპანიაში 5 ათასი ადამიანი მუშაობს, იმ 5 ათასი ადამიანიდან შესაძლოა, ძალიან დიდი ნაწილი ჩემსავით სულაც არ ფიქრობს და მშვენიერია! ღმერთმა დაიფაროს, რომ ყველა ერთნაირად ვფიქრობდეთ. რატომ უნდა გადავუწყვიტო მე იმ ხალხს, რომ ის კომპანია, რომელშიც მუშაობენ, ეამაყებათ და უყვართ, რაღაცას მოაწერს ხელს, რაც შეიძლება, სულაც არ შედის მათ მსოფლმხედველობაში. რატომ უნდა გავუკეთო ეს ნებისმიერ თანამშრომელს?! არ აქვს მნიშვნელობა, აქეთ მხარეს ხარ, თუ იქეთ.
ასეთივე მნიშვნელოვანია, რომ იმ კომპანიას ჰყავს 1 700 000 კლიენტი. ანუ, 3,700 000-იან ქვეყანაში ნახევარი არის იმ კომპანიის კლიენტი, რომელზეც ვსაუბრობ. ჩემს კლიენტებს რატომ უნდა გავუკეთო ეს, რომ ვუთხრა, თქვენი დიდი ნაწილის წინააღმდეგ მივდივარ, როცა ასეთი ამბავი ხდება. მაგრამ გვაწვებიან, გვაბულინგებენ, მერე გეუბნებიან, რომ რადგან ხელი არ მოაწერე, იქ არ მიხვიდე, უკვე სიგიჟეში გავედით, ხომ! რესტორანში არ მოემსახურო და კიდევ უარესებს იძახიან, არც მინდა, გავიმეორო.
ყველაფერი არის ერთ ტვინში დაბადებული იდეა – „როგორ დავაქციო საქართველოს ეკონომიკა, რადგან საქართველოს ეკონომიკა თუ დავაქციე, ეგებ, მომეცეს შესაძლებლობა, რომ ამ ქაოსსა და არეულობაში მე მოვხვდე იმ სკამში, სადაც ახლა მე არჩევნებით ვერანაირად ვერ მივაღწიე და ვერანაირად იქ ვერ მივედი პროტესტებითა და გარედან უზარმაზარი დახმარებით. ეგებ, ქვეყანა რომ ავურიო ბოლომდე, მღვრიე წყალში თევზი იქნებ, მეც დავიჭირო“ – ეს არის მე როგორც ვხედავ ამას“, – განაცხადა რუხაძემ.