რა თქმა უნდა, ახალი არჩევნები გამორიცხულია. ჩვეულებრივ თვითმმართველობის არჩევნები იქნება ოქტომბერში და ვურჩევდი ოპოზიციას, უკვე მზადება დაიწყონ, რომ ისევ გამანადგურებელი ანგარიშით არ წააგონ, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, პროკურატურამ არჩევნებთან დაკავშირებით შუალედური დასკვნა დადო, რომელიც გამორიცხავს ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ სპეკულაციურ განცხადებებს.
„გამოირიცხა სპეკულაცია ოპოზიციის მხრიდან, თითქოს ერთი ადამიანი 17-ჯერ თუ 18-ჯერ აძლევდა უბანზე ხმას. პირველ რიგში, ეს გამორიცხა იმ დამოუკიდებელმა აუდიტორულმა კომპანიამ, რომელიც ჩვენ ამერიკიდან გვყავდა მოწვეული. ძალიან ავტორიტეტული კომპანია, რომელიც თავად ლიცენზიებს გასცემს ასეთი ტიპის არჩევნებისთვის – ტექნიკური კომპანიებისთვის. მან გამორიცხა სიების დუბლირება. ეს არ მოხვედრილა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში. არც ის, 300 ათასი გაყალბებული ხმა, არც ის, რომ ვიღაც რამდენჯერმე აძლევდა უბანზე ხმას; არც ის, რომ რუსული სპეცსამსახურების ჩარევა იყო, რაზეც ქალბატონი ზურაბიშვილი ასე დაბეჯითებით საუბრობს. სხვათა შორის, ირიბად, ალბათ, მან ამას ყურადღება არ მიაქცია, ბატონ ტრამპსაც – უკაცრავად ჟარგონისთვის, „დაარტყა“. „როიტერსის“ ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რატომ ვერ ადასტურებდნენ, რომ რუსული სპეცსამსახურების ჩარევა იყო საქართველოში და მან განაცხადა – როგორ დავადასტუროთ, ბატონი ტრამპის არჩევნებში რუსული სპეცსამსახურების ჩარევა იყო და ჯერ ამერიკამ ვერ დაადასტურაო. შესაბამისად, უნდა დაფიქრდეს-ხოლმე ეს ქალბატონი ასეთ ამბებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაჭავარიანმა.