leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: მანამ, სანამ ვიმოქმედებთ ეროვნული და არა უცხოური ინტერესებით, საკუთარი ხალხის და არა სხვათა დაკვეთით, საქართველო ივლის წინ; ხოლო თუ სხვების დროშებს ვაფრიალებთ, რომელ კავშირშიც არ უნდა შევიდეთ, ვიქნებით საბჭოთა კავშირში

„მანამ, სანამ ვიმოქმედებთ ეროვნული და არა უცხოური ინტერესებით, საკუთარი ხალხის და არა სხვათა დაკვეთით, საქართველო ივლის წინ; ხოლო თუ სხვების დროშებს ვაფრიალებთ, რომელ კავშირშიც არ უნდა შევიდეთ, ვიქნებით საბჭოთა კავშირში“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, მათ რომ დაეჯერებინათ გარე მრჩევლებისთვის და ციხის შიგნიდან გამტეხავებისთვის, არანაირი ეკონომიკური ზრდა და ლიდერობა არ იქნებოდა.

„საქართველო მსოფლიოს ლიდერია ეკონომიკური ზრდის ტემპით. ვუსწრებთ ევროკავშირსაც და მის კანდიდატებსაც. მსოფლიოში ჩვენზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მხოლოდ ორ ქვეყანას, მათ შორის, სამხრეთამერიკულ გაიანას აქვს (43%), ისიც იმიტომ, რომ იქ ახლახან ნავთობი აღმოაჩინეს.

თუმცა, ეს არ იქნებოდა, ჩვენ რომ

▪️დავთანხმებოდით ზელენსკის, რომელიც მოხალისეების ოფიციალურად გაგზავნას მოითხოვდა, რაც ომის მონაწილე მხარედ გვაქცევდა,

▪️უკან დაგვეხია აშშ-ის მაშინდელი ელჩის წინაშე, რომელიც კატეგორიული ტონით მოითხოვდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და ესკალაციას (თუმცა, საჯაროდ ამას არ ამხელდა და ჩვენც ნამუსს ვუნახავდით),

▪️დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, რომელიც სანქციების დაწესებას, რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის შეზღუდვას და ფრენების აკრძალვას მოითხოვდა,

▪️ავყოლოდით 2022 წლის თებერვალში, ომის დაწყებისთანავე, ოპოზიციის და ენჯეოების ორგანიზებული აქციის “გულწრფელი მონაწილეების” მოთხოვნას და წინა სამი პუნქტის ავტორებისთვის დაგვეჯერებინა (თან როგორი დამთხვევაა, რომ ეს ენჯეოები ზუსტად იქიდან ფინანსდებიან, საიდანაც ეს მოთხოვნები მოდიოდა).

გარე მრჩევლებისთვის და ციხის შიგნიდან გამტეხავებისთვის რომ დაგვეჯერებინა, არანაირი ეკონომიკური ზრდა და ლიდერობა არ იქნებოდა. სამაგიეროდ იქნებოდა ომის რისკი და გარანტირებული ეკონომიკური კოლაფსი, რომლის ეფექტი ორჯერ უფრო მძიმე იქნებოდა ვიდრე კოვიდის პანდემიის დროს.

ასე არის ახლაც. მანამ სანამ ვიმოქმედებთ ეროვნული და არა უცხოური ინტერესებით, საკუთარი ხალხის და არა სხვათა დაკვეთით, საქართველო ივლის წინ; ხოლო თუ სხვების დროშებს ვაფრიალებთ და სხვა ხალხების ხელისუფლებას ჩვენად ჩავთვლით, რომელ კავშირშიც არ უნდა შევიდეთ, ვიქნებით საბჭოთა კავშირში“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

 

ასევე იხილეთ