„მეტი საქმე არ ჰქონდათ და სულ იმაზე ფიქრობდნენ, ვაშაძე და ხაზარაძე როგორ მიეწვიათ ტრამპის ინაუგურაციაზე. ფოტოებს თუ დადებენ, ცუდი არ იქნება, რა პოზიციაზე და რომელ ლოჟებში ისხდებიან“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რა მოლოდინი აქვს ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, რა შეიძლება შეიცვალოს მსოფლიოსა და საქართველოში.
„ჩვენთვის ყველაზე დამაიმედებელი არის ბატონი დონალდ ტრამპის ის განცხადებები, რომელიც მან გაახმოვანა ამერიკის და საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე, რომ დაამარცხებს „დიფ სთეითს“, რომელიც ოჯახურ ღირებულებებზე იქნება ორიენტირებული და დაამთავრებს ომს უკრაინაში. სამივე ეს მიდგომა ჩვენ გვაწყობს ძალიან, რადგან „დიფ სთეითი“ ებრძოდა საქართველოს ამდენი ხნის განმავლობაში და დღეს რომ ბიძინა ივანიშვილის დასაშანტაჟებლად და იმიტომ რომ „დიფ სთეითი“ ამხილა, მეორე შვეიცარიულ ბანკს უდიდეს რეპუტაციულ ზიანს აყენებენ. ესეც „დიფ სთეითის“ „ღვაწლია“. „დიფ სთეითის“ დამარცხება ჩვენს ქართულ, ეროვნულ ინტერესებშიც ჯდება.
ჩვენს პოზიციებში ბატონ ტრამპს ვემთხვევით. როდესაც ომის დამთავრებაზეა საუბარი, თუ გაქრება საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის მავნებლური მიზანი, საქართველოს მიმართ წნეხი, როგორც მინიმუმ ყველაზე რბილად და გნებავთ პესიმისტურად რომ ვთქვათ, შემცირდება. ჩვენ ძალიან გვებრძოდნენ და გვეჭიდავებოდნენ, თუმცა ამას კულისებიდან უფრო ახერხებდნენ და შემდეგ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოხვდა ჩანაწერი, სადაც ღიად მოგვთხოვეს გამჭვირვალობის კანონთან ერთად ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონის გაუქმება და ტრამპის მიდგომაც ისეთია, რომ იცავს თავისი განცხადებებით, დამოკიდებულებით ოჯახურ ღირებულებებს. აქაც ჩვენი პოზიციები აბსოლუტურად ემთხვევა. თუ ამ სამ მთავარ ამბავში მიდგომაში, ჩვენი პოზიციები ემთხვევა, ეს გვიჩენს, ბუნებრივია, იმისი ოპტიმიზმის საფუძველს, რომ საქართველოს მიმართ ყველაზე ცუდ შემთხვევაშიც კი გარკვეული წნეხი უნდა შესუსტდეს.
ჩვენი ოპონენტები დადიან და რაღაც ბილეთებს [ინაუგურაციაზე დასასწრებ] იძენენ და მერე ამბობენ, რომ ბილეთების შეძენა არ ხდება, არადა ვნახეთ ბილეთების გაყიდვის პრეცედენტი. ისინი 1200 დოლარად ცდილობენ, რომ ვიღაცას მოაჩვენონ, თითქოს ტრამპმა მიიწვია [სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე]. მეტი საქმე არ ჰქონდათ და სულ იმაზე ფიქრობდნენ, ვაშაძე და ხაზარაძე როგორ მიეწვიათ ტრამპის ინაუგურაციაზე. ფოტოებს თუ დადებენ, ცუდი არ იქნება, რა პოზიციაზე და რომელ ლოჟებში ისხდებიან. სულ რომ ასე იყოს მართლა, მათი დამოკიდებულება და ამერიკელი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის დამოკიდებულება არ ემთხვევა ერთმანეთს. ემთხვევა ჩვენი და ამერიკელი ხალხის არჩეული პრეზიდენტის დამოკიდებულება. ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს“, – აღნიშნა მდინარაძემ.